„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ - "ოცნების" პარლამენტში ასეთი სახელწოდების კანონის პროექტი დაინიიცირდა, რომელიც აშშ-ში მოქმედი FARA-ს სიტყვასიტყვით თარგმანს წარმოადგენს.
პროექტში თარგმნილია კანონის აღსრულების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც აშშ-ში ამ კანონისთვის არის გათვალისწინებული, ქართულ რეალობასთან შეუსაბამოა, თუმცა "ოცნება" ამბობს, რომ ის გასწორდება.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, რომ პირდაპირი თარგმანის მიზანია, ლეგიტიმაცია შეუქმნას ამ აქტს.
"ოცნებამ FARA დააინიიცირა. კანონპროექტი ამერიკული აქტის პირდაპირი თარგმანია (შეხვდებით ტერმინებს: “კონგრესი”, “სახელმწიფო დეპარტამენტი” და მისთანანი). ეს აღძრავს ცდუნებას, რომ ეს რეჟიმის უნიათობას დავაბრალოთ, მაგრამ რეალურად შეიძლება საერთოდ არც იყოს ასე. მაგ ხარვეზების გასწორებას საშუალო იურისტის ერთი სამუშაო დღეც არ სჭირდებოდა.
განხილვის დროს ოცნებამ თქვა კიდეც, რომ ეს განზრახ გააკეთეს. მათი გათვლა ასეთია: სურთ პროპაგანდას ათქმევინონ, რომ ეს არის აშშ-დან სიტყვასიტყვით გადმოტანილი კანონი, რის გამოც ის “რუსული ვერ იქნება”. ამ ნაბიჯით ოცნება ცდილობს ლეგიტიმაცია შეუქმნას ამ აქტს: “რაც ამერიკაში წლებია მოქმედებს ის არადემოკრატიული ვერ იქნება.”
ამ პროპაგანდით რეჟიმს სურს, გადატეხოს საზოგადოებრივი აზრი, მერე პროექტის ტერმინოლოგიური ჩასწორება და ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ წესრიგზე მორგება მართლა ერთი დღის ტექნიკური საქმე იქნება", - წერს მენაბდე.
ცნობისთვის, 2023 წელს, როცა ოცნება "რუსული კანონის" მიღებას პირველად ცდილობდა, ირაკლი კობახიძემ თქვა:"გზაში ვკითხულობდი ზუსტად ახლა, კიდევ ერთხელ, ამერიკულ კანონს და არის სრული კატასტროფა, შემიძლია გითხრათ, როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებების სპეციალისტმა, არის სრული კატასტროფა. ჩვენ ასეთი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტში ვერ ვიკადრებდით".
ის, რისი მიღებაც კობახიძის თქმით, წინა მოწვევის პარლამენტმა ვერ იკადრა, მიიღებს XI მოწვევის პარლამენტი.




























