მთავრობა ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტიას აცხადებს - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ფიზიკურ პირებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლამდე დაგროვილი აღიარებული საგადასახადო ვალები და ამ ვალებზე დარიცხული საურავი. ამნისტია 145 ათასი მოქალაქის 590 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანებას შეეხება. შესაბამისად, ერთ მოქალაქეს საშუალოდ 4,068 ლარი ჩამოეწერება.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ამნისტიის მიზანია 145 ათას მოქალაქეს დაუბრუნდეს აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნების შესაძლებლობა, რადგანაც საგადასახადო დავალიანების გამო, მათ ამჟამად ეკონომიკური ოპერაციების განხორციელება შეზღუდული აქვთ. კითხვაზე არის თუ არა ამნისტია იმ მოქალაქეების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება, რომლებიც გადასახადებს პირნათლად იხდიან, ფინანსთა მინისტრი პასუხობს, რომ ეს ასე არაა, რადგანაც დავალიანების ჩამოწერა ხანდაზმულობის ვადის გარეთ მყოფ ვალდებულებებს შეეხება.
"ამ ადამიანების დიდ ნაწილს შეზღუდული ჰქონდათ ეკონომიკური საქმიანობა და მას შემდეგ რაც მოხდება ჩამოწერა, მათ შეეძლებათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ეკონომიკურ ცხოვრებაში.
საგადასახადო ხანდაზმულობა იყო საფუძველი, რის გამოც შეირჩა ეს პერიოდი. როდესაც ვსაუბრობთ საგადასახადო ამნისტიაზე, ეს არის საყოველთაო მოვლენა და აქ დიფერენცირება არ ხდება გადამხდელების. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ამნისტია ხორციელდება საგადასახადო ხანდაზმულობის ვადის გარეთ, ამით ყველანაირი ზომა იქნა მიღებული, რომ არ დაიჩაგროს კეთილსინდისიერი გადამხდელი”, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.