„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების მიხედვით, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ - სავალდებულო 14-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გუშინ ინდოეთიდან სპეციალური რეისით ჩამოსული 150-მდე სტუდენტი, რომელთაც ვაქცინის ორივე ინიექცია ჩატარებული ჰქონდათ და PCR ტესტის ნეგატიური პასუხიც ჰქონდათ, კარანტინში გადაიყვანეს, რასაც სტუდენტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
როგორც დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, დაწესებული შეზღუდვები ინდოეთში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას უკავშირდება.
„ინდოეთში არის ყველაზე მძიმე ეპიდსიტუაცია. ოფიციალურად დადასტურებული 150 ათასი შემთხვევაა ყოველდღე, თუმცა სხვადასხვა გაანგარიშებით ვარაუდი არის, რომ დადასტურებულის გარდა, შეიძლება შემთხვევების რიცხვი 2-3-ჯერ მეტი იყოს. სწორედ ამიტომ მოხდა ასეთი მიდგომა“, - განაცხადა მან.