მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ უწუნებს მთავრობას კომუნიკაციის ხარისხს "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" გენერალური დირექტორი

5d231eff48d8f
სალომე მეცხვარიშვილი
08.07.19 14:44
805
„ჩვენი სახელმწიფოს პრობლემა ყოველთვის არის ის, რომ არასწორი კომუნიკაციით გვატყობინებენ ხოლმე ბიზნესს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას“, - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ნინა კობახიძემ „ოქროს სიის“ გაუქმებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, დღეს ბიზნესისთვის მთავარი პრობლემა კომუნიკაციაა, რადგან მთავრობა არ არის მოტივირებული, რომ რომელიმე ბიზნესი უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენოს.

შექმნილი „კრიზისული ფონიდან“ გამომდინარე კი, ნინა კობახიძე ფიქრობს, რომ მთავრობა პატარა დათმობებზე უნდა წავიდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ბიზნესს „ოქროს სია“ არ ეხება, ზოგადად თანაბარი პირობების მომხრე ვართ. თუმცა, როცა ამდენი ხანი არსებობდა „ოქროს სია“, ალბათ უფრო მეტი კომუნიკაცია იქნებოდა საჭირო მის გაუქმებამდე, იმ ბიზნესებთან, რომლებიც კრიზისულ სიტუაციაში მოყვნენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს შეიქმნა ძალიან ბევრი ხაზით კრიზისული ფონი ქვეყნისთვის, ალბათ რაღაც პატარ-პატარა დათმობაზეც უნდა წავიდეს სახელმწიფო და ანგარიში უნდა გაუწიონ იმ ბიზნესებს, რომლებიც არ იყვნენ სათანადოდ მომზადებულები", - აცხადებს კობახიძე.

მისივე თქმით, მთავრობის გულწრფელობაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ, რომ „ოქროს სია“ გაუქმდა ბიზნესებისთვის თანაბარი პირობების შეთავაზების მიზნით.

„არის ამაში ლოგიკა და არ უნდა შევიტანოთ ეჭვი, თუმცა ჩვენი სახელმწიფოს პრობლემა ყოველთვის არის ის, რომ არასწორი კომუნიკაციით გვატყობინებენ ხოლმე ბიზნესს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. ეს რომ ყოფილიყო უფრო მომზადებული, დარწმუნებული ვარ, ბიზნესიც უფრო მომზადებული შეხვდებოდა ამ პროცესს",-აცხადებს ნინა კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები