სახელმწიფო არასტანდარტულ ვაშლს წელსაც დაასუბსიდირებს. ამ მიმართულებით ბიუჯეტი გაიზარდა, თუ გასულ წელს 4 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, წელს არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება ბიუჯეტს 5 მილიონი ლარი დაუჯდება.
გორში, საკოორდინაციო ჯგუფმა, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვეში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულ ჩაბარებას უზრუნველყოფს, უკვე დაიწყო მუშაობა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2023 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან. წელს, ვაშლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი - 120 ათასი ტონაა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სავარაუდოდ, 50 ათასი ტონა არასტანდარტული ვაშლის გადამუშავება იგეგმება ანუ მოსავლის თითქმის ნახევარის დასუბსიდირება სახელმწიფოს მოუწევს. რატომ ვასუბსიდირებთ არასტანდარტულ ვაშლს და ხომ არ ვახალისებთ ამით უხარისხო პროდუქციის წარმოებას?
სტუმარი: გოჩა ღვინეფაძე - "აჩინებულის" დამფუძნებელი;