ეროვნული ბანკის განმარტება:
“საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2018 წლის 7 აგვისტოს შეტყობინების საფუძველზე, რომელიც ეხებოდა 2012 წელს განხორციელებულ ტრანზაქციებს, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო შემოწმება. შემოწმებისას გამოვლინდა თიბისი ბანკში ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაძლო დარღვევები, რაც მოგვიანებით სებ-ის დამატებითი შესწავლისას დადასტურდა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ პროცესები სათავეს იღებს 2007-2008 წლებიდან, როდესაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით, კომპანიების (შპს „სამგორი M"და შპს „სამგორი თრეიდი") გამოყენებით, ბანკიდან ისესხეს ჯამში 16.7 მლნ აშშ დოლარი. 2008 წლის დეკემბერში ეს თანხა ბანკის მიერ ბალანსიდან ჩამოიწერა, რითაც თიბისი ბანკის 2008 წლის მოგება ჯამში 16.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. ამასთანავე, ფაქტობრივად არ განხორციელებულა სესხების უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ქონების დასაკუთრება. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ ჩატარდა თემატური შემოწმება თიბისი ბანკის საკრედიტო პორტფელის ხარისხის შესწავლის მიზნით. თემატურობიდან გამომდინარე, შემოწმება არ ითვალისწინებდა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის იდენტიფიცირებას. ვინაიდან ტრანზაქციები განხორციელდა ზემოხსენებული კომპანიების გავლით, ადმინისტრატორების მონაწილეობა პირდაპირ არ იკვეთებოდა. შესაბამისად, ამ შემოწმებისას ვერ მოხდა ხსენებული დარღვევების აღმოჩენა. ასევე, ძალიან მოკლე ვადაში განხორციელდა ამ სესხების ჩამოწერა, რის გამოც, აღნიშნული სესხები ვეღარ მოხვდა ეროვნული ბანკის შემდგომი შემოწმებების არეალში, მათ შორის, ინტერესთა კონფლიქტის კუთხით. თიბისი ბანკის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებამდე, ბანკმა გაიარა დეტალური აუდიტი, რომელშიც 2008 წლის სესხების აღმოჩენა, დიდი ალბათობით, ასევე ვერ მოხდებოდა, რადგან, აუდიტის მომენტისათვის, ეს სესხები უკვე დიდი ხნის ჩამოწერილი იყო. შესაბამისად, მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეს ტრანზაქციები ადრე აღმოჩენილი იყო ან ბანკი უკვე იყო ამ საკითხზე დაჯარიმებული.”

























