ნიდერლანდელი ჟურნალისტის, ხუუს ჰეტერსხეიდის ინფორმაციით, გურამ კაშია “ვიტესთან’’ მოლაპარაკებას აწარმოებდა, თუმცა ქართველის დაბრუნება კლუბისთვის ფინანსურად შეუძლებელი აღმოჩნდა. ტრანსფერს ხელი კაშიას არაევროკავშირულმა პასპორტმა შეუშალა, რაც მოლაპარაკებისას მთავარი დაბრკოლება აღმოჩნდა.
ზამთრის შესვენებისას გამართულმა შეხვედრებმა აჩვენა, რომ დაბრუნების ფინანსური პირობები კლუბისთვის ზედმეტად მძიმეა. კაშია მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება, თუმცა, რეგულაციების თანახმად, არაევროკავშირელი ფეხბურთელის გაფორმებისას “ვიტესი“ ვალდებულია მას მაღალი სახელფასო კრიტერიუმების შესაბამისი გასამრჯელო გადაუხადოს. ეს კი, კლუბის ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალი კონტრაქტის გაფორმებას შეუძლებელს ხდის, მიუხედავად თავად კაშიას მზაობისა, კლუბში "უფასოდაც“ დაბრუნებულიყო და უხელფასოდ ეთამაშა.
ამავე წყაროს ინფორმაციით, მოსალოდნელია რომ არნემული კლუბის ლეგენდარული ქართველი კაპიტანი აქტიურ საფეხბურთო კარიერას ამ სეზონის შემდეგ დაასრულებს. მომდევნო თვეებში “ვიტესთან“ მოლაპარაკება გაგრძელდება, თუმცა ეს უკვე მოედნის მიღმა შესაძლო როლს შეეხება.
შეგახსენებთ, რომ 38 წლის ქართველი მცველი “ვიტესში'' 2010-18 წლებში თამაშობდა, 293 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი შეასრულა. 2016-17 წლების სეზონში სწორედ კაშიას კაპიტნობით მოიგო გუნდმა თავის ისტორიაში პირველი ტიტული, კერძოდ ნიდერლანდების თასი, სადაც ფინალში “ალკმაარი'' დაამარცხეს.




























