მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ვერ დაერიცხება საპენსიო დანაზოგებს სარგებელი მინიმუმ 2 თვე? - სააგენტოს განმარტება

5c5c2689d5a32
თელარა გელანტია
07.02.19 16:40
1189
დღეის მდგომარებით, საპენსიო ფონდში 41 მლნ ლარია მობილიზებული.

ამის შესახებ bm.ge-ის საპენსიო სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ფონდში აკუმულირებული თანხა ბანკებში ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე ინახება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სარგებელი არ ერიცხება.

სააგენტოს კითხვაზე - რამდენი ხანი დარჩება საპენსიო დანაზოგები ნომინალურ ანგარიშებზე, ლევან სურგულაძის უწყებაში განაცხადეს, რომ ფონდში მობილიზებული თანხა ხელშეუხებელი იქნება იქამდე, ვიდრე საინვესტიციო საბჭო არ დაკომპლექტდება.

„საინვესტიციო საბჭო 2 თვის ინტერვალში შეირჩევა და დაკომპლექტდება. ამ ეტაპზე, ერთდროულად მიმდინარეობს რამდენიმე პროცესი იმისთვის, რომ სააგენტო მზად იყოს ინვესტირებისთვის. საპენსიო სააგენტოს ექნება საიმედო საინვესტიციო პოლიტიკა და შესრულებისთვის დაკომპლექტდება შესაბამისი მაღალკვალიფიციური კადრებით.

მივიჩნევთ, რომ საკმაო თანხის აკუმულირებამდე დამატებითი ხარჯის გაწევა არ არის რელევანტური“, - განაცხადეს სააგენტოში.

Bm.ge-ის კიდევ ერთ კითხვაზე - რატომ არ შეიძლება, რომ საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებამდე საპენსიო სააგენტომ ფონდში მობილიზებული თანხა მთავრობის ფასიან ქაღალდებში დააბანდოს ან კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზე განათავსოს, სააგენტოში ამბობენ, რომ მათ ამის უფლებას კანონი არ აძლევს.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციითვე, მათ კითხვით მიმართეს საქართველოს ეროვნულ ბანკს, ჩათვლის თუ არა სებ-ი ინვესტირებად თუ სააგენტო ფონდში აკუმულირებულ თანხებს ნომინალური ანგარიშიდან სარგებლიან ანგარიშზე გადაიტანს, თუმცა ჯერჯერობით, ცენტრალური ბანკისგან პასუხი არ მიუღიათ.

„თუ სებ-ი ამ პროცესს ინვესტირებად არ ჩაგვითვლის, სააგენტო თანხებს გადაიტანს ნომინალური მფლობელობის მიმდინარე სარგებლიან ამგარიშზე, რადგან საინვესტიციო საბჭოს დამტკიცებამდე ინვესტირების უფლება არ გვაქვს“, - განმარტეს სააგენტოში.

bm.ge ამ საკითხზე ეროვნული ბანკის პოზიციასაც გაგაცნობთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები