ქართული ნუგბარის ნაირსახეობისა და პასკების მწარმოებელი კომპანიის „ჩირჩხელას“ აღმასრულებელი დირექტორი, ირმა კვაჭანტირაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ისრაელელმა პარტნიორმა მათთან საექსპორტო მოლაპარაკებები შეწყვიტა და პროექტი დახურა.
"ჩირჩხელა" წლის დასაწყისში ისრაელში ექსპორტის დაწყების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. გეგმაში ისრაელში 20 ტონა ჩირის გატანა იყო, თუმცა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიასთან თანამშრომლობაზე ისრაელურმა მხარემ კატეგორიული უარი განაცხადა.
„საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვას, ჩვენს ბიზნესზე პირდაპირ აისახა. ისრაელიდან პირდაპირ გვითხრეს, რომ „იმიტომ, რომ თქვენს ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა, ჩვენ ამ ეტაპზე თქვენს პროდუქციას ვერ წავიღებთ. არ მიგვაქვს პროდუქტი, რადგან არ ვიცით რა იქნება მომავალში“. ისინი ძალიან კატეგორიულები იყვნენ, რადგან თქვენ იცით, რომ ისრაელი არის ევროპული ხედვის ქვეყანა. შედეგად, პროექტი ამ ეტაპზე დაიხურა", - აცხადებს კვაჭანტირაძე.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დასძენს, რომ მათ ამჟამად მცირე საექსპორტო აქტივობები აქვთ ჩეხეთში, ავსტრიაში, გერმანიასა და დუბაიში. "ჩირჩხელას" მენეჯმენტი რუსეთში პროდუქტის გაყიდვაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.
„არაერთი შემოთავაზება გვქონდა რუსული ორგანიზაციებიდან, თუმცა ბიზნესის საწყის ეტაპზევე, ჩვენ ამ ბაზარზე უარი ვთქვით.
გამოფენებზეც რომ დავდიოდით, მაგიდასთან გვქონდა აბრა, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და არა რუს მომხმარებლებს 20%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ“, - ამბობს ირმა კვაჭანტირაძე.
კვაჭანტირაძის თქმით, კომპანია გაფართოებას გეგმავდა, თუმცა ქვეყანაში არასტაბილურმა მდგომარეობამ თითქმის ყველაფერი დააპაუზა. შედეგად, კომპანიამ გაფართოების გეგმები სარისკოდ მიიჩნია და დროებით გადადო.
გარდა ამისა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, საგრანტო პროგრამები ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით შეჩერებულია, შესაბამისად, ისინი კონკურსებში მონაწილეობას ვერ იღებენ.