მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ დაიწყო "იმერეთი 1"-ის ქარის სადგური მშენებლობა? - პროექტი 2018 წელს მზად იყო

5ddbbeef4261c
დავით ჯალაღონია
25.11.19 15:53
2021
"იმერეთი 1"-ის ქარის ელექტროსადგურის პროექტი სამშენებლო ეტაპზე გადასასვლელად 2018 წელს მზად იყო, თუმცა ინვესტორებს იმედი აქვთ, რომ მშენებლობა 2020 წლის მეორე კვარტალში მაინც დაიწყება - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროექტის განმახორციელებელი კომპანიის "უსასრულო ენერგიის" დირექტორმა თორნიკე ბახტურიძემ განუცხადა. 

მისი განმარტებით, პროექტის გაჭიანურების მიზეზი ენერგოსისტემაში ქარის სადგურების ინტეგრირების შესახებ "საქართველოს ელექტროსისტემის" კვლევები იყო.

"ყველაზე მეტი დრო საქართველოს ელექტროსისტემის მიერ ტექნიკური განხორციელებადობის კვლევამ წაიღო, რადგან განახლებადი ენერგია თავისი ბუნებით ცვალებადია და საჭიროებს მოკვლევას, თუ რამდენი შეიძლება ინტეგრირდეს ქსელში, დამატებითი სარეზერვო სიმძლავრეების გარეშე. ეს მოკვლევაც დასრულებულია და დაგენილია, რომ დღევანდელი მოცემულობით, ჯამურად, 350 მეგავატი ქარის და 150 მეგავატი მზის სადგურების ინტეგრირება შესაძლებელია საქართველოს ქსელში", - განაცხადა თორნიკე ბახტურიძემ.

მისივე ინფორმაციით, კომპანია 2016 წლიდან, მაღალი სტანდართით ახორციელებს კვლევებს როგორც გარემოს, ისე ქარის რესურსების შეფასების კუთხით.

"რეალურად, 2018 წლიდან მზად ვართ მშენებლობის დასაწყებად და დიდი იმედი გვაქვს, რომ 2020 წლის მეორე კვარტლიდან შევძლებთ დაწყებას. ამ ეტაპზე სახელმწიფოსთან სამშენებლო ხელშეკრულების გაფორმებაზე ვმუშაობთ და სხვა წინაღობა რეალურად, აღარ არსებობს", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება "იმერეთი 1"-ის ქარის ელექტროსადგურის ტარიფს, თორნიკე ბახტურიძის განმარტებით, ეს ფასი უკვე დადგენილი და შეთანხმებულია მთავრობასთან გარანტირებული ხელშეკრულების ფარგლებში - სახელმწიფო პროექტის ექსპლოატაციაში შესვლიდან 10 წლის განმავლობაში, წელიწადში 9 თვე, ქარის სადგურის მიერ გამომუშავებულ ერთ კვტ.სთ ელექტროენერგიაში 6.5 ცენტს გადაიხდის.

შეგახსენებთ, "იმერეთი 1"-ის ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 100 მეგევატია, საინვესტიციო ღირებულება კი - 130 მლნ აშშ დოლარამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები