მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ გაიგო "ოცნებამ" პარტნიორების მკაფიო გაფრთხილება? - თავდაცვის მინისტრის პასუხი

თავდაცვის მინისტრი

რატომ უყო მოულოდნელი და გაუგებარი პარტნიორების მხრიდან თავდაცვის მიმართულებით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები და პარტნიორობის გადახედვა, როცა ამის შესახებ ევროკავშირის და აშშ-ს უმაღლესი პირები "რუსული კანონის" მიღებამდე "ქართულ ოცნებას" პერმანენტულად აფრთხილებდნენ - ამ კითხვებით მიმართა BM.GE-ის მთავარმა რედაქტორმა, თელარა გელანტიამ თავდაცვის მინისტრს.

ირაკლი ჩიქოვანს კითხვებზე არ უპასუხია, თუმცა ის ნაბიჯები ჩამოთვალა, რაც 2012 წლიდან "ქართულმა ოცნებამ" ევროინტეგრაციისთვის გადადგა.

თელარა გელანტია: ამბობთ, რომ ევროკავშირის და აშშ-ს გადაწყვეტილებები დასანანი და გაუგებარია, მაგრამ ხომ გვაფრთხილებდნენ, რომ "რუსული კანონის" ამოქმედების შემთხვევაში ეს ნაბიჯები იქნებოდა, ურთიერთობა გადაიხედებოდა. რა არის იმის მიზეზი, რატომაც არ გესმით?

ირაკლი ჩიქოვანი: ემოციური ელემენტი რომ გამოვაკლოთ ამ კითხვას, მე ვარ იმ მთავრობის და იმ ხელისუფლების წევრი, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნეს უზრუნველყოფილი. ეს არის მთავრობა, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც უზრუნველყო ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებაზე. უზარმაზარი სამუშაო გააკეთა იმისთვის და ვაგრძელებთ ამ სამუშაოს, რომ მოხდეს ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ და გავაკეთებ იმისთვის, რომ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ფართო რეგიონში, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპაში არსებობდეს დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტი. მეორე მხრივ, ეს არის ხელისუფლება, რომლის პირობებშიც არაერთი რამ გაკეთებულა.

თელარა გელანტია: ახლა რას აკეთებთ, ეს გვაინტერესებს. მომავალი, რომელიც უკვე ძალიან ბუნდოვანია ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით. წინ გავიხედოთ, რა ჩანს?

ირაკლი ჩიქოვანი: წარსული თუ გახსოვთ, აფასებთ ამ წარსულს? მე შემიძლია თქვენც და მთელს საზოგადოებასაც ვუთხრა ერთი რამ, როგორც აქამდე მიუხედავად იმისა, რომ იყო ბევრი ყიჟინა და შეძახილი, რომ "ქართული ოცნება" ვერ შეძლებდა შედეგების მიღწევას, მიაღწია ამ შედეგებს. მომავალშიც, დარწმუნებული ვარ, როცა საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და 26 ოქტომბერს გააკეთებენ სწორ არჩევანს იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ და თანმიმდევრულ განვითარებას, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მიგვიყვანოს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ გაწევრიანებამდე, ისინი ამას მიიღებენ.

თელარა გელანტია: ის, რომ პარტნიორებმა ურთიერთობის გადახედვა დაიწყეს, გაწუხებთ?

მინისტრს ამ კითხვაზე არ უპასუხია. მან ტრიბუნა დატოვა და კითხვებზე პასუხი შეწყვიტა.

ცნობისთვის, მოქმედი თავდაცვის მინისტრი, რომელიც დღეს "ოცნების" ხელისუფლების მიღწევებზე საუბრობდა, 2016 წელს მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა.

იქამდე, 2014 წელს, იყო კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატების" გაშვება ე.წ კაბელების საქმის გამო. რის შემდეგაც, მათ შორის ჩიქოვანის მხრიდანაც კეთდებოდა ხელისუფლების პოზიციებისგან განსხვავებული განცხადებები, მათ შორის ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზეც, რაც ღია წყაროებშიც დღემდე იძებნება.

2015 წლის 23 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაში „თავისუფალი დემოკრატები“ წერდნენ, რომ „საფუძვლიანი“ ეჭვი აქვთ იმის თაობაზე, რომ „ხელისუფლება, ამოფარებული ომახიან დეკლარაციებს ხალხის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ურყევობის შესახებ, მიზანმიმართულად ახორციელებს რუსეთის მისამართით კაპიტულანტური შინაარსის გზავნილების გაჟღერებას“ - განცხადების ერთ-ერთი ავტორი მაშინ დღევანდელი მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანიც იყო.

ჩიქოვანმა, რომელიც "ოცნებას" არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა, 2016 წელს "თავისუფალი დემოკრატები" არჩევნებში დამარცხებიდან 4 დღის შემდეგ დატოვა. მიზეზი გახდა ის, რომ პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

2019 წლის ნოემბერში კი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის მრჩევლად და სპიკერად დაინიშნა. 2020 წელს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. ხოლო წელს, პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ირაკლი კობახიძით ცვლილების შემდეგ, თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს.

უნდა აღნიშნოს ისიც, რომ ჩიქოვანი არ არის "თავისუფალი დემოკრატების" ერთადერთი წევრი, რომელმაც ჯერ პარტია დატოვა, შემდეგ კი, სხვადასხვა თანამდებობაზე დაბრუნდა. ამ რიგებში არიან დავით ზალკალიანი, გიორგი ცაგარეიშვილი, გიგლა აგულაშილი, ვიქტორ დოლიძე და სხვები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები