ბოლო 2 წელში სავალდებულო ტექდათვალიერება საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან 50 994 -მა ერთეულმა გაიარა. თუმცა რა ნაწილს არ გაუვლია ტექ.დათვალიერება, უცნობია. ისევე როგოც, ის თუ სულ რამდენი ერთეული ავტოტრანსპორტი ემსახურება ქვეყანაში მგზავრთა შიდა გადაყვანას.
ამჟამად, კერძო საკუთრებაში არსებული 142 დეკლარირებული სამგზავრო ავტოსადგური ფუნქციონირებს, რომლის შემოწმების უფლებაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მხოლოდ მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე აქვს.
„ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებიდან გამომდინარე, მისი მაკონტროლებლის ფუნქცია არაეფექტურია. კერძოდ, მას არ გააჩნია ოპერატიული რეაგირების უფლება.
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია გააკონტროლოს სამეწარმეო საქმიანობა მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, რომელიც ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო მას წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას დასაბუთებული და საფუძვლიანი ეჭვით კონკრეტული მეწარმის მიერ სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ.“ - განუცხადეს BM.GE-ს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში.
ასევე, მათივე ინფორმაციით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებეზე მუშაობს. ცვლილებები რამდენიმე კანონში შევა და მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანას დაარეგულირებს.

























