მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ვერ მიაწოდა "თეგეტამ" ავტობუსები თბილისის მერიას - კომპანიის განმარტება

5d25ff9714dbd
სალომე მეცხვარიშვილი
10.07.19 19:40
7492
დიზელზე მომუშავე 90 ახალი ავტობუსი თბილისში მაისის დასაწყისში უნდა ჩამოსულიყო.მიუხედავად ამისა, დედაქალაქში ამ დრომდე მხოლოდ 50 ავტობუსი მოძრაობს, რომელიც თბილისის მერმა პირადად სწორედ მაისის დასაწყისში წარადგინა. 90 ახალი ავტობუსის 45 მილიონლარიან ტენდერში გასულ წელს “თეგეტა თრაქ ენდ ბასმა" გაიმარჯვა.

კომპანიამ ხელშეკრულება “თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან” 2018 წლის აგვისტოში გააფორმა და ავტობუსების მიწოდებისთვის 9 თვე მიეცა. 9 თვეში MAN-ის ახალი ავტობუსები ჩაეშვა, თუმცა, მხოლოდ ნაწილი. გამოდის, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც ჯარიმის გადახდა მოუწევს.

რა გახდა კომპანიის მიერ ავტობუსების დაგვიანების მიზეზი, bm.ge-ს თავად კომპანიაში განუმარტეს. “თეგეტა მოტორსის” გენერალური დირექტორი ავთო წერეთელი ამბობს, რომ MAN-ის ავტობუსებზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება, რის გამოც მიწოდების დაგვიანება მოხდა.

“გამომდინარე იქიდან, რომ მთელს ევროპაში MAN-ის პროდუქციაზე არის ძალიან დიდი, უპრეცენდენტოდ დიდი მოთხოვნა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად მოიმატა მისი მაღალი პოპულარობის გამო, მომწოდებელმა ვერ მოასწრო სრულად წარმოება. მეორე მხრივ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მივმართეთ ძალიან დიდი ძალისხმევა ამ თვეების განმავლობაში და მოვახერხეთ, რომ 50 ერთეული ამ ავტობუსების მიგვეწოდებინა თბილისის მუნიციპალიტეტისთვის”,- აცხადებს ავთო წერეთელი.

მთავარი კითხვა, როდის ექნება საქართველოს დედაქალაქს დიზელზე მომუშავე ავტობუსების სრული რაოდენობა - 90 ერთეული- ამაზე პასუხი დღეს “თეგეტაში” უჭირთ და ამბობენ, რომ თავად გერმანულ მწარმოებელ MAN-ზე არიან დამოკიდებული. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვალდებულებები აუცილებლად შესრულდება და ეს 2019 წლის ბოლომდე მოხდება.

“რისკები ყოველთვის გათვლილია, მით უმეტეს მსგავსი მასშტაბის პროექტებზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ხდება გარკვეული მოულოდნელობები. ამაში გასაოცარი არ არის არაფერი. ახლა მიდის აქტიური მუშაობა იმაზე, რომ ეს ჩამორჩენა მალე იქნას დაძლეული და შემოვიდეს ავტობუსები ქალაქში”,- აცხადებს ავთო წერეთელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები