მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ მუშაობს "გომარდული": შეუცვალა თუ არა "ოცნებამ" ინვესტორს წინა მთავრობის დროინდელი შეთანხმება

5bcb9c4d05a8e
თამუნა ქემერტელიძე
21.10.18 11:35
2987
„1 ლარად გადმოცემული ქონების დიდი წილი აღიარების წესით მთავრობას უკან დავუბრუნეთ“, - ამის შესახებ BM.ge-ის კურორტ “გომარდულის” ხელმძღვანელმა ჯემალ დარჩიძემ განუცხადა.

მისი თქმით, 2011 წელს აჭარის მთავრობამ სააქციო საზოგადოება “გომარდულს” 52 ჰექტარი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა და საინვესტიციო ვალდებულებებში 5 კოტეჯის, სტადიონის, კვების ობიექტის და პარკის მოწყობა-აშენება ჩაუდო.

“მაშინდელ მთავრობასთან იყო შეთანხმება, რომ ჩვენი სააქციო საზოგადოება, კურორტის მოწყობის სანაცვლოდ ყოველგვარი გადასახადისგან გათავისუფლდებოდა და ჩვენ, ჩვენის მხრივ, 1 მლნ ლარის ინვესტიციას განვახორციელებდით; ჯამში, ეს პირობა შევასრულეთ. მეტიც, დაახლოებით, 1.5 მლნ ლარის ინვესტიცია ჩავდეთ კურორტის მოწყობაში... თუმცა ქონების გადმოცემიდან ზუსტად ერთ წელიწადში, მაშინ როცა ხელისუფლება შეიცვალა, ახალმა მთავრობამ მიწის გადასახადის გადახდა მოგვთხოვა”, - აცხადებს დარჩიძე.

აღსანიშნავია, რომ მას არ აქვს კონკრეტული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სს „გომარდულის“ მიწის გადასახადის გათავისუფლება საინვესტიციო ვალდებულების სანაცვლოდ.

„ასეთი დოკუმენტი, სამწუხაროდ, არ გვაქვს.. იყო ნდობის ფაქტორი“, - აღნიშნა მან bm.ge-თან საუბრისას.

დარჩიძის თქმით, 2012 წლის დეკემბერში დაგროვილი მიწის გადასახადი უკვე 126 ათას ლარს ცდებოდა და ფიზიკურად მისი გადახდა კომპანიამ ვერ შეძლო, რის გამოც შპს „გომარდული“ დაყადაღდა.

„მოგვიანებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ პატარიძის გადაწყვეტილებით, კომპანიას ყადაღა მოეხსნა, თუმცა აჭარის ყოფილი მეთაურის გადაწყვეტილება მხოლოდ 3-თვიანი აღმოჩნდა. ამ დრომდე დავალიანება რაც დავთვალეთ 1 800 000 ლარია, ამ თანხის გადახდა შეუძლებელია, იმ პირობებში, როდესაც კურორტს გამართულად არცერთი სეზონი არ უმუშავია, კოტეჯების მოწყობიდან დღემდე ყადაღა გვადევს”, - აცხადებს დარჩიძე.

მისივე თქმით, 7-მა აქციონერმა, (7 აქციონერთან ერთად კომპანიის 10% აჭარის მთავრობაა) რომლის საკუთრებაშიცაა შპს სააქციო საზოგადოება “გომარდული”, გადაწყვიტა 52 ჰექტრიდან მთავრობისთვის 40 ჰექტარი უკან იმ პირობით გადაეცა, რომ კომპანიას ყადაღას მოხსნიდნენ.

“მიმდინარე წლის ივნისში იუსტიციის სახლში აღიარების წესით მთავრობას სიმბოლოდ ფასად გადმოცემული 52 ჰექტრიდან 40 ჰა უკან გადავეცით, იმ პირობით, რომ ყადაღას მოგვიხსნიდნენ, თუმცა ყადაღა არავის მოუხსნია და მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა დღემდე არ გვაქვს”, - აცხადებს დარჩიძე.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ადგილზე 5 ტიპიური აჭარული სახლია განთავსებული, რომელსაც 80 კაცის მიღება შეუძლია, თუმცა მენეჯმენტს კოტეჯების დატვირთვა და მომხმარებლის მომსახურება ყადაღის გამო არ შეუძლია.

BM.ge აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობას დაუკავშირდა, თუმცა მათ შემოსავლების სამსახურში გადაგვამისამართეს და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები