ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეორგანიზაციისა და სისტემის მოდერნიზების პროცესი დაიწყო. "ოცნების" ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ირწმუნება, რომ მიზანი ხარისხზე ორიენტირებული მმართველობაა, რაც პროექტების დეტალურ შესწავლას და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას მოიაზრებს. მისივე თქმით ქვეყანა მომავალი წლის ბოლოსთვის სრულად გადავა ევროპულ სამშენებლო სტანდარტებზე, რაც სამშენებლო სექტორში ხარისხის და ეფექტიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
ცვლილებების ფარგლებში მთავრობამ მიიღო დადგენილებაც, რომლის თანახმადაც, ე.წ. თეთრ სიაში მყოფ ტენდერებში მონაწილე კომპანიებს 2026 წლიდან სახელმწიფო კონტრაქტის ავანსის 60%-ის საბანკო გარანტიის წარდგენა მოუწევთ, ნაცვლად დღეს არსებული 50%-ისა. 2027 წელს ეს მოცულობა 70% იქნება, ხოლო 2028 წელს 80% რევაზ სოხაძის თქმით, ავანსების სისტემა არაერთ შემთხვევაში თანხების არამართლზომიერად განკარგვის რისკებს ქმნიდა. ყველაზე მთავარი კი რაც მისი პარლამენტში გამოსვლისას გავიგეთ ეხებოდა უკვე შესრულებულ პროექტებს, რომლის დიდი ნაწილი პრობლემური იყო. პრობლემებს შორის მოიაზრება როგორც შესრულების დაბალი ტემპი, ასევე შეჩერებული და ვადაგადაცილებული პროექტები და რაც მთავარია მათი ხარისხი. ჯამურად ასეთი პროექტების ღირებულება 1 მლრდ ლარს აჭარბებდა. რას ფიქრობენ სამშენებლო კომპანიებში პრობლემებზე, ვადაგადაცილებებზე და დაანონსებულ სიახლეებზე?
სტუმრები: ირაკლი გიორგობიანი - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი; ირაკლი გოგოლიშვილი - “ანაგის” გენერალური დირექტორი;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძე&გუგა კობახიძესთან ერთად

































