გარემოსდაცვითი სპეციალისტის სალომე მეფარიშვილის განცხადებით, კომპანიებს გარემოსდაცვით სტანდარტებზე გადაწყობა უჭირთ. როგორც მან „საქმის კურსში“ განაცხადა, გარდა იმისა, რომ კომპანიებს ამაში ხელი პანდემიამ შეუშალა, აღნიშნული სტანდარტების დანერგვა გარკვეულ ფინანსებთანაც არის დაკავშირებული.
„ის საწარმოები, რომლებიც ამ კანონმდებლობის ჩარჩოში მოექცნენ, ვერ ახერხებენ ონლაინ მონიტორინგის სისტემების დანერგვას. ზოგჯერ უხდებათ ფილტრებიც შეცვალონ. შესაბამისად ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. ასევე იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებმაც ეს სისტემა უკვე დაამონტაჟეს, ჩემი ინფორმაციით, მხოლოდ ექვსია, რაც ძალიან ცოტაა. ამიტომ მნიშვნელოვანია მეწარმეების ჩართულობაც.
ეს კანონი გასული წელის 1 ივნისს შევიდა ძალაში. იქამდე ხშირად ჰქონდა შეხვედრა სამინისტროს იმ მეწარმეებთან, რომლებსაც მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება უწევდათ და რაღაცნაირად უკვე უნდა მომზადებულიყვნენ. პანდემიამ მათ ძალიან შეუშალა ხელი, მაგრამ აქტიურად მიმდინარეობს დანერგვის მექანიზმი და ზედამხედველობის სამსახურიც ძალია კარგად აკონტროლებს ამ ყველაფერს.
სამინისტრო მხარს უჭერს მეწარმეებს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ 1 ივნისს ეს კანონი უკვე ამოქმედდა და თავისუფლად შეეძელო ზედამხედველობის სამსახურს ეს კომპანიები დაეჯარიმებინა იმის გამო, რომ ონლაინ მონიტორინგის სისტემა არ ჰქონდათ, ამ საკითხს ჯერჯერობით უფრო ლმობიერად უდგებიან“, - განაცხადა მან.
ინფორმაციისთვის, სახელმწიფო რიგ საწარმოებს გასული წლის 1 ივნისიდან გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტის ფარგლებში ავალდებულებს, რომ სათანადო ფილტრები და მონიტორინგის სისტემა ჰქონდეთ.




























