ბოლო დროა, საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულად იზრდება, რაც არაერთი ფაქტორითაა განპირობებული. ზოგადად, ოქრო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოცდილი ღირებულების შემნახველი აქტივია, რომელსაც ადამიანები 7,000 წელიწადზე მეტი ხანია იყენებენ.
ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. გარდა ამისა, ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც ოქრო რეზერვების შესავსებად სჭირდებათ. საერთო ჯამში, ცენტრალური ბანკები 35 ათას მეტრულ ტონა ოქროს ფლობენ, რაც გლობალური მიწოდების 1/5-ია.
ოქროს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც კრიზისისგან თავის დაზღვევის საშუალებას, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ოქრო მაშინაც კი ინარჩუნებს თავის ღირებულებას, როდესაც გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად უარესდება და კრიზისის რისკები იზრდება.
საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასს მოთხოვნა-მიწოდება ადგენს. ძირითადად, ოქროს ცენტრალური ბანკები, კერძო ინვესტორები და იუველირები ყიდულობენ. ერთ-ერთი ცენტრალური ბანკი, რომელმაც, ცოტა ხნის წინ, 500 მილიონი დოლარის 7 ტონა ოქრო შეისყიდა, საქართველოს ეროვნული ბანკია.
ოქროში ინვესტირებასთან დაკავშირებით ექსპერტებს განსხვავებული პოზიციები აქვთ. ზოგიერთი ინვესტორი ოქროს ზედმეტად პასიურ აქტივად მიიჩნევს, ზოგიც კი მას უალტერნატივო აქტივად თვლის, რაც მისი უნიკალური ბუნებრივი თვისებებითაა განპირობებული.
ოქროს ინვესტორებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ამერიკელი ფინანსისტი, პიტერ შიფი, რომელიც ოქროს შესახებ უკვე წლებია საჯაროდ საუბრობს. ცოტა ხნის წინ, მან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა ფსიქოლოგ ჯორდან პიტერსონთან, სადაც ის ოქროს რაობაზე და მის საინვესტიციო პოტენციალზე საუბრობს.
პიტერ შიფის შეფასებით, დროსთან ერთად, გლობალური ცენტრალური ბანკები დედოლარიზაციის პოლიტიკის გატარებას დაიწყებენ, რაც მათ რეზერვებში ოქროს წილის ზრდამდე მიგვიყვანს. ამერიკელი ინვესტორი იმასაც ამბობს, რომ ამერიკული დოლარის მთავარი კონკურენტი არა ფუნტი, ევრო ან ჩინური იუანი, არამედ ოქროა, რომელმაც თავისი უპირატესობა საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა
„ამერიკის მოსახლეობის აროგანტულობას ის ფაქტი განაპირობებს, რომ დოლარის დომინანტურობის წყალობით სხვებს არჩევანი უბრალოდ არ აქვთ. დოლარის გავლენა მთავრობას აძლევს იმის საშუალებას, რომ სახელმწიფო ვალი უსასრულოდ გაზარდოს და ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს იზამს. რა არჩევანი აქვთ სხვა ქვეყნებს? ევროზე გადავლენ, ფუნტზე, იენზე თუ ჩინურ იუანზე? ყოველ ზემოხსენებულ ვალუტას თავისი პრობლემები აქვს, ამიტომ ერთი ნაკლოვანი ვალუტიდან მეორეზე გადართვას დიდი აზრი არ აქვს. დოლარის ალტერნატივა არ და ვერ იქნება სხვა ქვეყნის ვალუტა, მისი რეალური კონკურენტი ოქროა.
ნუ გავიწყდებათ, რომ საუკუნეების განმავლობაში უნივერსალური ფულის ფუნქციას სწორედ ოქრო ასრულებდა. ოქრო არის რეალური ფული, რომლის სიმყარე არა სახელმწიფოს დაპირებით, არამედ ფუნდამენტური ღირებულებით არის განპირობებული. საუკუნეების განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ვალუტა და ფულის ერთეული არსებობდა, რომელთა შესახებ დღეს უკვე აღარაფერი გვახსოვს, მათი სახელები მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებშია დარჩენილი. იცით რა არ შეცვლილა ამ დროის განმავლობაში? - ოქრო! ის ისევ ისეთი ღირებული და სასურველია, როგორც წარსულში.
ჩემი აზრით, დროსთან ერთად სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები დედოლარიზაციის პოლიტიკის გატარებას დაიწყებენ. ისინი თავიანთ რეზერვებში ეტაპობრივად შეამცირებენ ამერიკული დოლარის მოცულობას და მის ადგილს სწორედ ოქროთი შეავსებენ. ვფიქრობ, რომ მომავალში ოქრო იქნება გლობალური სარეზერვო აქტივი, როგორც ეს წარსულში იყო, სანამ მას ამერიკის მთავრობა დოლარით არ ჩაანაცვლებდა“.
პიტერ შიფი ბოლო პერიოდის განმავლობაში ოქროს რეკორდულად გაძვირებაზეც საუბრობს. მისი შეფასებით, ძვირფასი მეტალის ფასის ზრდას ცენტრალური ბანკების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს, რომელთაც ოქრო სავალუტო რისკების შესამცირებლად სჭირდებათ.
„გლობალური ცენტრალური ბანკები ახლა იმაზე მეტ ოქროს ყიდულობენ, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში. განსაკუთრებით მკაფიო ტენდენცია შეინიშნება განვითარებად სახელმწიფოებში. როგორც წესი, ასეთ ქვეყნებში რეზერვების უდიდესი ნაწილი დოლარში იყო, თუმცა ვხედავთ აშკარა ტენდენციას, რომ ისინი ამერიკულ დოლარს ყიდიან და მას სწორედ ოქროთი ანაცვლებენ. სწორედ ამიტომ იზრდება ოქროს ფასი რეკორდულად, მასზე მოთხოვნის ზრდას ცენტრალური ბანკები განაპირობებენ. იმასაც ვიტყვი, რომ ოქროს ფასის ზრდა მის გაძვირებას არ ნიშნავს, ეს იმის მაუწყებელია, რომ მასთან მიმართებით ვალუტები უფასურდებიან - ოქრო თავისი ღირებულებით ისევ ისაა, რაც საუკუნეების წინ იყო, უბრალოდ მასთან შედარებით ყველაფერმა დაკარგა ღირებულება, მისი კი - გაიზარდა.
შესაძლოა გაგიჩნდეთ შეკითხვა, თუ რატომ ყიდულობენ ქვეყნები ოქროს? - პასუხი მარტივია, ეს არის აქტივი, რომელსაც ამერიკის მთავრობა ვერ აკონტროლებს. უფრო მეტიც, მას ვერცერთი მთავრობა ვერ აკონტროლებს, ის არ წარმოადგენს ერთი ქვეყნის საკუთრებას. ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ ოქროს ჰაერიდან შექმნა შეუძლებელია, მისი მოპოვება საკმაოდ რთულია და თან ის მხოლოდ ერთ რეგიონში არ არის კონცენტრირებული.
ცხადია, სახელმწიფოებს არ სურთ, რომ გლობალური სარეზერვო ვალუტის პრივილეგია ამერიკის შეერთებულ შტატებს წაართვან და სხვა ქვეყანას გადასცენ, რომელიც ამ ძალაუფლებას აუცილებლად ბოროტად გამოიყენებს. ამერიკამ ამ ძალაუფლებით ნამდვილად ბოროტად ისარგებლა, საკუთარი განვითარების სანაცვლოდ, მთელ მსოფლიოში ინფლაცია გაავრცელა და ამით ყველაფერი გააძვირა. ბუნებრივია, ამ ძალაუფლების სხვა ქვეყნისთვის გადაცემა მხოლოდ უარესს გამოიწვევს, ამიტომ საუკეთესო არჩევანია ოქრო, რომელიც ასეთ ერთპიროვნულ ძალაუფლებას არცერთ სახელმწიფოს არ აძლევს.
როგორც იცით, 1971 წლამდე ბრეტონ-ვუდსის სისტემაზე ვიყავით და გვქონდა დოლარის სტანდარტი, რომელიც გამართულად მუშაობდა. თუ მაშინ დოლარი გქონდა, ეს იმის დასტური იყო, რომ შესაბამისი მოცულობის ოქროს ფლობდი. უფრო მეტიც, თავად დოლარის დეფინიცია ოქროს საზომი ერთეული იყო. შეგეძლო შენს ხელთ არსებული დოლარი ფედერალურ რეზერვში მიგეტანა და კუთვნილ ოქროში გადაგეცვალა, რადგან ქაღალდის ფულის ღირებულებას სწორედ ის ოქრო განსაზღვრავდა, რომლის მიღებაც მის სანაცვლოდ შეგეძლოთ. დღეს უკვე ასე აღარ არის, ფედერალური რეზერვის მიერ გამოშვებული დოლარი არაფერს იძლევა, რადგან ის არა ოქროს ფლობის, არამედ ვალის ქონის გამომსახველი სერტიფიკაცია“.
მორიგი საკითხი, რომელზეც პიტერ შიფი ყურადღებას ამახვილებს, ოქროს ფუნდამენტურ ღირებულებას უკავშირდება. მისი შეფასებით, ოქროს ღირებულებას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ის თავისუფალ ბაზარზე გამარჯვებული აქტივია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ათასობით კონკურენტი დამარხა და გამოწვევების მიუხედავად, თავისი ღირებულება მაინც შეინარჩუნა.
"მოსაზრება, რომ ოქროს ფუნდამენტური ღირებულება არ გააჩნია, სრული სისულელეა. ცხადია, ამ მოსაზრებას ის პოლიტიკოსები ავრცელებენ, რომელთაც საპირისპირო პირადი ინტერესები აქვთ, თუმცა ეს რეალობას მაინც არ ცვლის. მსგავს მოსაზრებას იზიარებენ კრიპტოაქტივების მხარდამჭერებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ოქროს ფუნდამენტური ღირებულება არ გააჩნია და ამიტომ ბიტკოინსაც აქვს შანსი, რადგან მასაც ფუნდამენტური ღირებულება არ აქვს. ამის მიუხედავად, თუ ოქრომ მოახერხა საუკუნეების განმავლობაში ფულის ფუნქციის შესრულება, მაშინ მას ბიტკოინიც შეძლებს. სამწუხაროდ, ეს სიმართლე არ არის.
ოქრო არის ყველაზე გამოსადეგი და ღირებული ელემენტი პერიოდულ სისტემაში. ოქრომ ფულის თვისება იმიტომ შეიძინა, რომ ის თავად იყო ღირებული და სასურველი. ოქროს აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც მას როგორც გამოსადეგ, ასევე სასურველ აქტივად აქცევს, სწორედ ამიტომ იქცა ის უნივერსალურად აღიარებულ სტანდარტად. ნუ გავიწყდებათ, რომ ოქრომ აღიარება არა ერთი ან ორი ქვეყნის მთავრობის განკარგულებით, არამედ მრავალსაუკუნოვან კონკურენციაში გამარჯვებით მოიპოვა. ის იყო მეტალი, რომელიც დედამიწის ყველა წერტილში, ყველა ცივილიზაციაში და ეპოქაში უნდოდათ ადამიანებს, მისი ღირებულებაც სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარეობს. ოქროს ფულის ფუნქცია თავად ხალხმა მიანიჭა, სწორედ ის იყო ის აქტივი, რომელიც ყველას უნდოდა. თუ მეფე იყავი, გადასახადებს ოქროში იღებდი, რათა შემდეგ ის ჯარისკაცებისთვის გადაგეხადა, რადგან მათ სწორედ ოქრო უნდოდათ და არც სხვა ნებისმიერი რამ. ოქრო გაჩნდა თავისუფალ ბაზარზე და მან ყველა კონკურენტს აჯობა, სულ ეს არის.
ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც ოქროს გააჩნია, მის შემნახველებით უნარს უკავშირდება. 500 წლის ჩაძირული გემიდან ერთადერთი, რაც შეულახავი და ღირებული რჩება, ის ოქროა, რომელიც ამ გემზე იყო. შეგიძლიათ მოიფიქროთ სხვა ისეთი აქტივი, რომელსაც 500 წლის შემდეგაც ექნება თავისი ღირებულება შენარჩუნებული? ასეთი მხოლოდ ოქროა, ის სამარადჟამოა, რადგან ის მუდამ სასურველია და ამას ვერაფერი შეცვლის. შესაძლოა, ახალა სეიფში შენახულ ოქროს არაფერში ვიყენებდე, თუმცა გარანტირებულად ვიცი, რომ ის ჩემს შემდეგ თაობებს აუცილებლად გამოადგებათ, რასაც ასე დანამდვილებით სხვა ვერაფერზე ვერ ვიტყვი.
გარდა ამისა, ოქროს პრაქტიკული დანიშნულება ყოველთვის იზრდება, როგორც საინჟინრო, ასევე სამედიცინო საქმიანობაში. შესაძლოა, 100 წლის შემდეგ ოქრო იმაზე გაცილებით უფრო საჭირო და მოთხოვნადი მეტალი იქნეს, ვიდრე ის ახლაა, ეს კი მის ღირებულებას მხოლოდ გაზრდის".