ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა "გაზპრომთან" მიღწეული შეთანხმების დეტალებზე საუბრობს და იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასური და კომერციული სექტორისთვის რუსული გაზის ფასი საჯარო არაა.
„ჩვენც ძალიან ვწუხვართ, რომ არ შეგვიძლია რიცხვებში გაგიზიაროთ ჩვენი კონკრეტული მონაპოვარი, თუმცა ასეთი პრაქტიკაა, როდესაც თემა ეხება კომერციულ მოლაპარაკებებს, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ინტერესის მქონე საკითხებია. ეს ხდება იმიტომ, რომ ანალოგიური მოლაპარაკება "გაზპრომსაც" და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შეიძლება ჰქონდეს სხვა რომელიმე მხარესთან და ერთი მოლაპარაკების პირობები არ უნდა აზარალებდეს მეორის პირობებს", - განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ თურნავას განცხადებით, რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის ფასი გაიზარდა.
"მივაღწიეთ პირობების გაუმჯობესებას ორივე პოზიციით. სატრანზიტო საფასური გაზრდილია, ხოლო რუსული გაზის ფასი შემცირებულია იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კერძო კომპანია დაინტერესდება ამ რუსული გაზით. ეს არის კომერციული საიდუმლოება და ამ ხელშეკრულებას ვაგრძელებთ. დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ საიდუმლოების რეჟიმიდან გამომდინარე", – განაცხადა მან.
ცნობისთვის: საქართველოსა და "გაზპრომ ექსორტთან" ახალი 2-წლიანი ხელშეკრულება მარტის ბოლომდე უნდა გაფორმდეს.

























