მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომაა კარგი ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტის დაწყება? - მწარმოებელთა ფედერაციის მოსაზრება

5cc049e78b813
ლიკა გურაბანიძე
24.04.19 16:00
920
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას განცხადებით, ყაზახეთიდან ხორბლის შემოტანის მექანიზმი ხუთი წლის წინ მოქმედებდა და მათ ამოცანა ჰქონდათ, რომ საკუთარი პროდუქციის დივერსიფიცირება მსოფლიო ბაზრებზე მოეხდინათ.

ამის შესახებ სილაგავამ bm.ge-ის ეკონომიკის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, ყაზახეთში ვიზიტით მყოფი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას თქმით, „ყაზახეთში შემდგარი მოლაპარაკების თანახმად, ყაზახეთის მთავრობა ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოს ბაზარზე ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებას მოახდენს და 50%-მდე დაწევს ტარიფებს, რაც მოგვცემს საშუალებას, ყაზახური ხორბალი შედარებით ხელმისაწვდომ ფასებად მივიღოთ“.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ლევან სილაგავა ყაზახეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტის დაწყებას დადებითად აფასებს.

„ჩვენ თუ ხუთი წლის წინანდელ სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სუბსიდირების პირობებში ბაზარზე წარმოდგენილი იყო როგორც - რუსული ხორბალი, ისე ყაზახური და უკრაინული ხორბალი. დღეს რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს ამ მექანიზმის დაბრუნებაა, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველომ ქვეყნების დივერსფიცირება მოახდინოს, რადგან თქვენ იცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ დაახლოებით, 95%-ით რუსეთიდან შემოტანილ ხორბალზე ვართ დამოკიდებულები. შესაბამისად, ჩვენთვის ერთ ბაზარზე მიბმა საკმაოდ სარისკოა. აქედან გამომდინარე, ყაზახეთის ბაზარს ჩვენ დადებითად ვუყურებთ,“ - განაცხადა ლევან სილაგავამ.

რაც შეეხება ქვეყანაში ყაზახური ხორბლის ტრანსპორტირების გზებს, სილაგავა მიიჩნევს, რომ ხორბალი რკინიგზის საშუალებით შემოვა. ამასთან, ის პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ შესაძლოა, ტრანსპორტირების ძირითადი საშუალება სწორედ რკინიგზა გახდეს, ხოლო საავტომობილო გზამ კონკურენტუნარიანობა დაკარგოს.

„თუ კომპანიას ხორბლის გარკვეული ოდენობა სამანქანო გზით შემოჰქონდა, მას შეუძლია, რომელიმე ყაზახურ კომპანიას მიმართოს და პარტნიორი მოიძიოს, ხოლო საჭიროების მიხედვით, ალტერნატიული ტრანსპორტი ნახოს. თუ ფასი მათთვის მისაღები იქნება ხორბალს ყაზახეთიდან რკინიგზით გადმოზიდავენ,“ - აღნიშნა სილაგავამ.
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ყაზახეთიდან შემოსული ხორბალი რუსულთან კონკურენტუნარიანი იქნება.

„ბაზარზე ფასი იქნება ისეთი, რომ კონკურენციაში შევა, როგორც რუსული ხორბალი ყაზახურთან, ისე პირიქით, ყაზახური - რუსულთან. დადებითი ფაქტია ის, რომ საქართველოს ბაზარზე რამდენიმე ქვეყანა ერთობლივად იქნება წარმოდგენილი. ბიზნესი თვითონ დაალაგებს, როგორია უფრო მოკლე და კონკურენტუნარიანი გზა,“ - აღნიშნა სილაგავამ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის განმავლობაში საქართველომ $114 მილიონის ღირებულების 507,000 ტონა ხორბალი შეიძინა. ხორბლის მოცულობის 83% ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები