კომპანია „კოჟორიძე და იურისტები“, დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში გაკეთებული განცხადებები, კორუფციასთან ბრძოლის დაწყების შესახებ, ნაკლებად დამაჯერებელია.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, თუ კორუფციასთან ბრძოლა რეალურია, არ შეიძლება კორუფციული ფაქტები შერჩევით იყოს გამოძიებული.
„პოლიტიკურ შეფასებებს არ გავაკეთებ. მაგრამ შევეცდები, როგორც იურისტმა და ამ ქვეყნის მოქალაქემ ისე ვთქვა - ეს კონკრეტული შემთხვევა, [ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავება] რამდენად არის კორუფციის ბრძოლისკენ მიმართული ნაბიჯი და არა პოლიტიკური მოტივებით დაწყებული გამოძიება, ამაზე კითხვები არსებობს. როცა ჩვენ ვხედავთ, ათასი შემთხვევიდან მხოლოდ ორზეა დაწყებული გამოძიება, ბუნებრივია კითხვა ჩნდება, ეს გამოძიება მიზნად ხომ არ ისახავდა, არა მართლმსაჯულების აღსრულებას, არამედ პოლიტიკურ მიზანს.
ასევე, ეკონომიკის განვითარების სამინისტროს ფარგლებში ათასი შპს არის შექმნილი, რომელთა მიმართებაშიც დასაბუთებული ბრალდებები არსებობს, რომ იქ ისეთი ადამიანები არიან დასაქმებული, რომლებიც არაფრის კეთებაში ხელფასს იღებენ - ეს კორუფციაა. ასევე, ნათესავის შერჩევითაც დასაქმება კორუფციაა. კერძო დაწესებულებაშიც, როცა სახვა რაიმე ნიშნით აიყვანს თანამშრომელს, შეიძლება პარტნიორები მოგედაონ, რომ ეს დანაშაულის ნიშნებს ხომ არ შეიცავს“, - განაცხადა მან.
კახა კოჟორიძის თქმით, არადამაჯერებელია კორუფციის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის შესახებ განცხადებები, როცა ერთ შემთხვევაში მაღალი თანამდებობის პირებს წაუყენეს ბრალი და თან სულელური, გამოგონილი ბრალდებით დააყადაღეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლის ავანგარდში იდგნენ მანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდოდა.
„ეს ბრძოლა ამ არასამთავრობოებმა „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც გააგრძელეს და მერეც რომ გააგრძელეს, იმიტომ გახდნენ ეს ორგანიზაციები პრობლემურები. მანამდე მეც ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციაში [საია] და კარგი ბიჭი ვიყავი, როცა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს [მაშინ იგი ოპოზიციაში იყო] მაშინ ვსაუბრობდი, რომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკანონო იყო. ხელისუფლება რომ შეიცვალა და მერე საიამ ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო, მერე საია ცუდი გახდა. როცა შენ ამ ორგანიზაციას ებრძვი, როგორ უნდა დამაჯერო, რომ კორუფციასთან ბრძოლის მედროშე ხარ“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძესთან დაკავშირებული ფაქტი, ადამიანებს უფრო იმას აფიქრებინებს, რომ ეს არის შიდა დაპირისპირების გამოხატულება სახელისუფლებო რგოლში და გავლენების გადანაწილება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავება სამწუხარო ფაქტია, თუმცა "ოცნება" კორუფციის მიმართ ლოიალური ვერ იქნება. მისი თქმით, "ოცნების" ამბიციური მიზანია, ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით.
ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის დაკავებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით.
შეგახსენებთ, 27 ივლისს სუსმა დააკავა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები. მათ შორის იმჟამინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში არიან.
ბრალდების თანახმად, თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ, ტომოგრაფიის აპარატის შესყიდვის პროცესში, კონკურენტული გარემოს ხელოვნურად შეზღუდვით, აპარატის ღირებულება ხელოვნურად გაზარდეს. ამ გზით, პროკურატურის მტკიცებით, მათ სახელმწიფოს 1 333 728 ლარის ზიანი მიაყენეს.
ხაინდრავასა და ღუდუშაურს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვა, მხეიძეს კი, ამ დანაშაულში დახმარება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























