გასულ კვირას გუდაურში ზამთრის კურორტების გახსნის მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია გაიმართა. აქციას ესწრებოდნენ ადგილობრივი მოთხილამურეები, ინსტრუქტორები, კვების ობიექტებისა და სასტუმროების წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ სრულად შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები.
როგორც პარაპლანის პილოტი თორნიკე ზაქაიძე ამბობს, ტრანსპორტის არარსებობის გამო მთიდან ქალაქში ჩასვლა განსაკუთრებით გართულდა. შემოსავლის არქონის გამო კი, მათ მანქანაში საწვავის ჩასხმის შესაძლებლობაც არ აქვთ, ადგილობრივი ბიზნესი დახმარებას ითხოვს.
“სრულად ვიყავი დამოკიდებული ტურიზმზე. ვარ სნოუბორდისტი, მოთხილამურე და ინსტრუქტორი, ასევე პარაპლანის პილოტი. წელიწადია, რაც არ მიმუშავია, ყოველ შემთხვევაში ტურიზმის სფეროში. ძალიან რთულია ჩემთვის, მქონდა გარკვეული ფინასები, რითაც მოვაღწიე აქამდე. ახლა კი იმდენად რთული სიტუაციაა, რომ არ ვიცი... რთულია სოფლად ცხოვრება. დედა და მამა მყავს ასაკოვანი, ცუდად რომ გახდნენ, სულ იმაზე ვფიქრობ, აქედან როგორ წავიყვანო? ვერ ვხვდები, რითია პრივილეგირებული ქალაქის მცხოვრები, რომ მას ტრანსპორტი აქვს და მე არ მაქვს საშუალება აქედან თბილისში ჩავიდე. აუცილებლად უნდა ვიშოვო მანქანა, უნდა ჩავასხა ბენზინი, რისი საშუალებაც რეალურად აღარ არსებობს. გუდაური ამ დროისთვის არის მკვდარი”-ამბობს პარაპლანის პილოტი თორნიკე ზაქაიძე.
ცნობისთვის, მთის კურორტებზე არსებული ბიზნეს სუბიექტების მთავარი მოთხოვნა ზამთრის კურორტების გახსნაა. მოთხოვნებს შორის სახელდება ზამთრის კურორტებზე არსებული ბიზნესებისთვის 1–წლიანი საგადასახადო ამნისტიის გამოცხადებაც.

























