ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასების რეგულირების საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ უწყების პირველმა პირმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დაანონსა. ამის შემდეგ იყო ფარმაცევტული სექტორის ჩართულობით საპარლამენტო განხილვები ჯანდაცვის კომიტეტში.
ადგილობრივი ფარმაცევტული მწარმოებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სურს, მიზნად არა რეგულირება, არამედ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა უნდა დაისახოს, რათა მივიღოთ ისეთი მისაღები ფასები მედიკამენტებზე, როგორიც ეს მეზობელ თურქეთშია.
„თურქეთში 200 დასახელების მედიკამენტი 2-ჯერ უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში, სადაც მედიკამენტებს ევროპელი მწარმოებლებისგან ვიღებთ. რატომ ხდება ეს ასე, მეორე თემაა. თურქეთს ლიცენზიები აქვს. მაგალითად, „კრესტონი“ თურქული წარმოების ღირს პირობითად 20 დოლარი, ევრომწარმოებლების კი ჩვენთან ღირს 60 დოლარი.
ჩვენ ვთავაზობთ სამინისტროს, რომ თურქეთი გავხსნათ. „კრესტონი“ შემოდის პირობითად შვედეთიდან ,იქ ნაწარმოებია და მწარმოებელი აგზავნის საქართველოში, რომლის ფასი არის 60 დოლარი და იყიდება აფთიაქში 70 დოლარად. აქაური დისტრიბუტორები არაფერს არ იგებენ. თურქეთში იგივე მედიკამენტი, ადგილობრივი წარმოების ღირს 25 დოლარი. ჯანდაცვის სამინისტროს ვთავაზობთ, თურქეთიდან შემოტანა გავხსნათ, მაგრამ ხარისიხის მკაცრი კონტროლით, რადგან თურქეთი სარისკო ქვეყანაა ფალსიფიცირების თვალსაზრისით“-აცხადებს bm.ge-თან პსპ ჯგუფის დამფუძნებელი, კახა ოქრიაშვილი.
მისი თქმით, საქართველოში მედიკამენტებზე მაღალი ფასის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებლი ფაქტორი ადგლობრივი წარმოების სისუსტე და უფრო მეტიც, თითქმის არარსებობაა.
„თურქეთმა აიძულა დიდი გიგანტები თავის ბაზარზე უფრო იაფად გაეყიდათ მედიკამენტები. რითი აიძულეს? ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერით. ბოლო 25 წელია ააშენეს ფარმაცია თურქეთში. სახელმწიფო თუ ჩადებს ინვესტიციას დარგში, ცოდნაში, იგივე მოხდება ჩვენთან.
რეგულირების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ კარგად გააზრება უნდა. ისე, რომ ამას მე დავარეგულირებ და წამლები გაიაფდება, ასე არ იქნება...მთავარია ადგილზე იყოს კონკურენტუნარიანი მწარმოებლები, რომლებიც ბაზარს შესთავაზებს კარგ ფასებს. ამისთვის საჭიროა, რომ სახელმწიფომ ინვესტირება განახორცილოს კერძო სექტორში, როგორც ეს თურქეთში ხდება.
ამით აიძულეს თურქეთში დიდი მწარმოებლები, რომ თავისი წარმოებები გადაეტანათ თურქეთში ან ლიცენზიები მეიცათ მათთვის, ამიტომ მაგალითად კრესტორი 2-ჯერ იაფი ღირს იქ, ვიდრე საქართველოში. იმიტომ კი არა, რომ აქაური დისტრიბუტორები ან აფთიაქები მოგებას ნახულობენ! უბრალოდ თურქეთში უფრო იაფი ღირს ადგილზე წარმოებული“-აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
მისი თქმით, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია და მათ შორის მისი კომპანია სთავაზობს ჯანდაცვის სამინისტროს, რომ რიგი მედიკამენტების შემოტანა მოხდეს არა მაგალითად შვედეთიდან, არამედ თურქეთიდან.
„ამაზე ფარმაცევტთა ასოციაციას და ჩვენ 10 წერილი მაინც გვაქვს გაგზავნილი წინა მინისტრთან. ვფიქრობ, შეიძლება ამაზე მუშაობა, რომ ეს თემა დავასრულოთ.
ხალხს გონია, რომ ამ პროდუქტზე 200% -იანი დარიცხვა აქვს. უბრალოდ შვედეთიდან შემოდის, თურქეთში კი იგივე პროდუქტი ადგილზე ნაწარმოები იყიდება იაფად. არ გვინდა შვედური, ვიცით, რომ თურქულიც იგივე კარგია და გავაკეთოთ ეს“-აცხადებს ოქრიაშვილი.
ევროპის რეგიონში საქართველო ლიდერობს ჯანდაცვის მთლიანდანახარჯებში მედიკამენტებზე გაწეული ხარჯებით, რომელთა წილიც 35.7%- ს უტოლდება. ჩვენს ქვეყანაში მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების პროცენტული წილი მთლიან შიდა პროდუქტში ორჯერ აჭარბებს ეუთოს ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს.
ამბულატორიულ მედიკამენტებზე განსაკუთრებულად მაღალი დანახარჯები უმეტესწილად შინამეურნეობების მიერ ჯიბიდან გადახდილ თანხებზე
მოდის: (2017 წ. ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშის მიხედვით) მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების 96% - ეს არის ჯიბიდან გადახდილი თანხები, ხოლო სახელმწიფოს წილად ამ ხარჯების მხოლოდ 2% მოდის. მოსახლეობის ორი მესამედი მედიკამენტებს ყიდულობს ჯიბიდან გადახდილი თანხებით, ხოლო თითქმის ერთი მესამედისთვის ეს გადახდები ასოცირებულია კატასტროფულ დანახარჯებთან. 2017 წელს, საქართველოს მოსახლეობამ მედიკამენტებისშესაძენად საკუთარი ჯიბიდან 983 მილიონი ლარი დახარჯა.