სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ ივანიშვილის მიერ წარმოებული სამართლებრივი დავა Julius Baer-ის წინააღმდეგ უშედეგოდ დასრულდება, რადგანაც ბანკს ივანიშვილის ოჯახის წევრთა გადარიცხვების შეჩერების სრული კანონიერი უფლება გააჩნდა. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
20 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს უჩივის, რაც 2024 წლის 27 დეკემბერს აშშ-ის სანქციების დაწესების შემდეგ ბანკის მიერ ივანიშვილის ოჯახის წევრების მომსახურების შეჩერებას უკავშირდება.
ივანიშვილი დავობს, რომ მისი ოჯახის წევრებსა და მათ კომპანიებს Julius Baer-მა მომსახურება უკანონოდ შეუჩერა.
რომან გოცირიძე ივანიშვილს ობობის ქსელში გაბმულ ბუზს ადარებს.
"ივანიშვილის სახელით დღეს კიდევ ერთი განცხადება გავრცელდა. ვინც გუშინდელი ჩემი პოსტი წაიკითხა, სწორად ვივარაუდეთ: აწ უკვე სულ სხვა შვეიცარიულმა ბანკმა, რომელსაც ივანიშვილი უჩივის, იმიტომ გაყინა მისი, მისი ოჯახის წევრების და ბიზნეს სტრუქტურების ანგარიშები, რომ ამ ბანკში იქნა გადატანილი სინგაპურის სასამართლოში მოგებული ფულის საკმაო ნაწილი. ივანიშვილის ოჯახი და ბიზნესი არაა დასანქცირებული ამერიკის ხაზინის მიერ, სანქცია ჯერჯერობით მხოლოდ პირადად მას შეეხო, მაგრამ აქ არის ერთი გამონაკლისი: სინგაპურის და ბერმუდის სასამართლოების გადაწყვეტილებით მიღებულ ფულს ვერ გაიტანს ამერიკის ხაზინის ნებართვის გარეშე. ამიტომ გაეყინა ეს თანხები. რაც არ უნდა იჩივლოს, ვერაფერს მიაღწევს. იმ ბუზის მდგომარეობაშია, რაც უფრო მეტს რომ იფართხალებს ობობას ქსელში, კიდევ უფრო მეტად რომ ეხვევა", - აღნიშნავს რომან გოცირიძე.




























