ბიზნესმენ პაატა ტრაპაიძის შეფასებით, „რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას“.
ამის შესახებ კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მფლობელმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
„რბილად რომ ვთქვა, ქვეყანაში არანორმალური მდგომარეობაა და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩემი აზრით, კიდევ უფრო ცუდისკენ მივდივართ“, - ამბობს ბიზნესმენი.
პაატა ტრაპაიძისთვის გაუგებარია, „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება - შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები 2028 წლამდე - რასაც ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი მოჰყვა.
„დღემდე ვერ ვცემ პასუხს კითხვაზე, რატომ გააკეთა ეს „ოცნებამ“. ჩემთვის ეს განცხადება აბსოლუტურად გაუგებარია. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ არ ვიცით ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო ხდება; მე ამაში ვგულისხმობ გეოპოლიტიკურ სიტუაციას. შეიძლება, 10 წელიწადი გავიდეს და მერე გავიგოთ და ამოვხსნათ ამოცანა, რატომ მოხდა ეს ამბავი. ამიტომ ნუ ვიქნებით ძალიან რადიკალური, რომ ჩვენ ვიცით ყველაფერი“, - აღნიშნა მან.
ბიზნესმენმა „წერტილთან“ ინტერვიუში გაიხსენა 1991 წლის დეკემბერი, როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო და ყველას მოუწოდა, კარგად გაიხსენონ 33 წლის წინანდელი ომი.
„ყველას ვთხოვ გაიხსენოს, რა შედეგი მივიღეთ სამოქალაქო ომით - ეკონომიკის 75%-იანი ვარდნა; ტერიტორიების დაკარგვა, რომელიც იყო შედეგი სამოქალაქო ომის; ძმათა ომი და დავკარგეთ ძალიან ჭკვიანი ადამიანები - ზოგი სად წავიდა და ზოგი - სად. ზოგიც რუსეთში დარჩა. ასეთ წკიპზე ვართ? მე უბრალოდ იმ შიშის შესახებ მოგახსენებთ, რომლის წინაშეც ვდგავართ. სკოლაში გვასწავლიდნენ ორი თხის ამბავს, რომლებიც ხიდზე შეხვდნენ ერთმანეთს, გზა არცერთმა დათმო, რქებით დაეტაკნენ და ორივე მდინარეში გადაცვივდა. ჩვენ მივდივართ ძალიან ცუდი უფსკრულისკენ, რომელიც შემდეგ არ ასხვავებს ვინ იყო მემარცხენე და ვინ - მემარჯვენე, ვინ მთავრობაშია და ვინ - ოპოზიციაში, ვინ ბიზნესმენია და ვინ - მშიერი... [უფსკრულში გადავარდნა] ყველას ერთად საკმაოდ დიდი ხნით დაგვწევს უკან“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
პაატა ტრაპაიძის აზრით, მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ორივე მხარის მოგებულ მდგომარეობაში დარჩენა, რაც ნიშნავს მშვიდობის შენარჩუნებას.
„დღეს, ჩემი აზრით, ქვეყანაში ამის დიდი საშიშროება გვაქვს“, - დასძინა მან.
ასევე, პაატა ტრაპაიძე ხაზს უსვამს იმას, რომ ის არაა პოლიტიკოსი, მაგრამ დარწმუნებულია, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის დისკუსიას ალტერნატივა არ აქვს და პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა.
ბიზნესმენს პოლიტიკური დეესკალაციის გზად მიაჩნია, პირველ რიგში, ახალ წლამდე დაკავებულების გათავისუფლება, ხოლო ახალი არჩევნების მოთხოვნის თაობაზე 20 იანვრამდე ანუ ტრამპის ინაუგურაციამდე [რადგან "ოცნება" ხშირად ასახელებს ამ თარიღს] გარკვეულწილად პაუზის აღება.
„წერტილთან“ ინტერვიუში პაატა ტრაპაიძემ იმედი გამოთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი არსებულ მდგომარეობას პრაგმატულად მიუდგება.
„ჩემი ერთი ძალიან თხოვნა იქნება - ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ არ მივიდეთ ცუდ დაპირისპირებამდე“, - განაცხადა ბიზნესმენმა.