თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით ვიზალიბერალიზაციის, კანდიდატის სტატუსის და მსგავსი საკითხების ქვეყნის წინააღმდეგ გამოყენება ხელისუფლების ცვლილებას ისახავს მიზნად.
როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხელისუფლება ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას, რაც ქვეყანას გრძელვადიან მშვიდობას მოუტანს.
„ეს არის ჩვეულებრივი მუქარა, შანტაჟი. გაიხსენეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რა განცხადებები კეთდებოდა. პირდაპირ პარალელს ავლებდნენ, რომ თუ სააკაშვილი, რომელიც კონკრეტულ საქმეებზეა დამნაშავე, არ იქნებოდა გათავისუფლებული, ქვეყანა ვერ მიღებდა აღნიშნულ სტატუსს. ხალხი ხვდება, რისთვის აკეთებენ აღნიშნულ განცხადებებს და რატომ იყენებენ მაგალითად, მოლაპარაკებების გახსნას, ვიზალიბერალიზაციას, კანდიდატის სტატუსს ქვეყნის წინააღმდეგ, რადგან მათ უნდათ ხელისუფლების ცვლილება, თავიანთი აგენტურის მოყვანა და ქვეყნის საომარ მდგომარეობაში ჩაყენება.
ჩვენ არ ვართ სულელები, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გვინდა ისეთი პოლიტიკა გავატაროთ, რაც ქვეყანაში გრძელვადიან მშვიდობას მოიტანს. არაფერი სჭირდება ჩვენს ქვეყანას ისე, როგორც მშვიდობა, რომ მოხდეს ეკონომიკური განვითარება. წარმოიდგინეთ, მაშინ, თუნდაც სანქციებთან დაკავშირებით, შეცდომა რომ დაგვეშვა, მიგვეღო არასწორი გადაწყვეტილება, იგივე მოხალისეების ჩარტერული რეისით გაშვებასთან დაკავშირებით, რა მდგომარეობაში იქნებოდა ქვეყანა, ხომ წარმოგიდგენიათ. რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, არ ვიცი, დღევანდელ მსოფლიოში იმდენი უსამართლობა ხდება, გამორიცხული არაფერია. მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოზე, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, გამოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ სურათს ობიექტურად შეაფასებს.
„ვფიქრობ, გამოიძებნება ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც რეალურ მდგომარეობას შეაფასებს. თუ საფრანგეთისთვის, ამერიკისთვის, ისრაელისთვის, კანადისთვის დასაშვებია აღნიშნული კანონი, როგორ შეიძლება ჩვენთვის იყოს ეს პრობლემა. გამოდის, რომ მაშინ სხვა ინტერესებშია საქმე. ვიცით ეს რისკენაცაა მიმართული, ჩვენ კი გვინდა მშვიდობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.