მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა/ვინ არის Pulsar Al? - დაჩი ჭოლაძე

6207d4e6ee151
ინგა მურუსიძე
12.02.22 19:42
7359
ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანია SpinCar-მა ქართული სტარტაპი Pulsar AI შეიძინა. გარიგების შედეგად ქართული კომპანიის ღირებულება უკვე რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია.
#BMGDRIVE-ს მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანტერპრენერი დაჩი ჭოლაძე სტუმრობდა.

მან Pulsar AI-ის შესახებ ისაუბრა:

„დღეს მე რაც ვიცი, ყველაფერი უკავშირდება ამ კომპანიას. ყველა ჩემი მანამდე არსებული გამოცდილების შეჯამებაა, რომელმაც გამოიღო კარგი შედეგი. შევძელით, რომ მიგვეღწია მიზნისთვის და შეგვექმნა გლობალური კომპანია, რომელიც საკმაოდ ბევრ ნაწილში გაარღვევდა საზღვარს.

ყველაზე ადრე, პირველ ნაბიჯებს რომ ვდგამდით, ჩვენი მიზანი იყო, რომ შეგვექმნა რაღაცა რეალური საქართველოს ბაზრისთვის. მაშინ არ ვფიქრობდით გლობალურ და ლოკალურ მიზნებზე, რადგან მიზანი იყო, რომ ამოგვეხსნა რა იყო ის, რასაც შევეჭიდეთ და როგორ მუშაობდა. ჩვენი მიზანი იყო, რომ შეგვექმნა ეს ქართულ ენაზე. იმ მომენტში, ბაზრადაც საქართველო განიხილებოდა. ამბიციები ყოველთვის გვქონდა, მაგრამ მაშინ ეს ქვეცნობიერად იმალებოდა. მაშინ მთავარი ამოცანა იყო, რომ ადგილობრივ ბაზარზე დაგვემკვიდრებინა თავი.

იმას, რაც პულსარმა შექმნა, არ დავარქმევდი მხოლოდ ინოვაციას და ტექნოლოგიას, ამას დავარქმევდი ბიზნეს-პროცესსაც, დაწყებული მომხმარებლისთვის პროდუქტის ჩართვიდან და გამართვიდან, დასრულებული იმ რეპორტინგით, რომელსაც ვაწვდით. ყველა პროცესში ისეთი ტექნოლოგია ჩავდეთ, რომ შეგვაძლებინა დიალოგების ავტომატიზაცია მიგვეყვანა ხელოვნური ინტელექტით და არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ ნებისმიერ ინდუსტრიაში ამართლებს“, - ამბობს ბაჩო ჭოლაძე.




Pulsar AI-მა 2019 წელს სილიკონის ველზე $1.2M ინვესტიცია მოიზიდა. აღნიშნული სტარტაპი ასევე ერთ-ერთი პირველი იყო იმ კომპანიებს შორის, რომელმაც მიიღო მხარდაჭერა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან (GITA).

ქართულმა სტარტაპმა - Pulsar AI-მა შექმნა დიალოგების ავტომატიზაციის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ყველაზე მაღალი დონის პლატფორმა ავტომანქანის დილერებისთვის. Pulsar AI-ის ავტომატური კომუნიკაციის გადაწყვეტილების ინტეგრირება SpinCar-ის ინდუსტრიის ლიდერ ციფრული გაყიდვების პროდუქტებთან მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის მიერ დილერებისათვის შეთავაზებულ სერვისებს, რაც ხელს უწყობს მეტი მომხმარებლის ინტეგრირებას ონლაინ გაყიდვებში. Pulsar AI-ის ტენოლოგიების ინტეგრირება მოხდება SpinCar-ის პლატფორმაზე და Pulsar AI-ის ყველა დასაქმებული განაგრძობს ტექნოლოგიის განვითარებას SpinCar-ის გუნდთან ერთად.

დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ AI-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შექმნა სხვადასხვა ფინანსური კომპანიებისათვის საქართველოში 2016 წელს დაიწყეს. 2019 წლიდან სოფო ჭყოიძეც შეუერთდა გუნდს და ერთად დააარსეს Pulsar AI, რომელმაც შექმნა მსოფლიოში მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია.

Pulsar AI-ის Conversational AI-ის პლატფორმა ავტომატიზებული დიალოგის საშუალებით როგორც იმეილის არხში, ასევე sms-ით, აკავშირებს ავტომანქანის პოტენციურ მყიდველს დილერთან. კომპანიის აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა - მყისიერი, რელევანტური პასუხის გაცემით, მუდმივი შემახსენებელი გზავნილებით ყოველ შემოსულ ონლაინ მოთხოვნაზე, ზრდის ეფექტურობის ხარისხს და უზოგავს დროს სადილეროების გაყიდვების გუნდს. ავტომატური კომუნიკაციის ფუნქციონალი შესაძლებელს ხდის პასუხი გაეცეს განუსაზღვრელი რაოდენობის იმეილ თუ SMS არხში შემოსულ მომხმარებელთა მოთხოვნებს 24/7.

SpinCar-ი ავტო-დილერებს და ავტო-ინდუსტრიაში მოთამაშე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ციფრული გაყიდვების სფეროში. კომპანია ქმნის ისეთ პროდუქტებს, სადაც კლიენტი ციფრულ სივრცეში იგივე გამოცდილებას იღებს რასაც შოურუმში ვიზიტის დროს. SpinCar - ის მონაცემები და ციფრული ტექნოლოგია მთლიანად დაფუძნებულია კლიენტის ქცევაზე და ამიტომაც, ზუსტად ერგება ავტომობილის ყიდვის საუკეთესო გამოცდილებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები