მსოფლიოში სათვალეების უმსხვილესი მწარმოებლის, EssilorLuxottica-ს გარშემო მასშტაბური კორპორაციული ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის.
Ray-Ban-ისა და Oakley-ის მფლობელი გიგანტის დამფუძნებლის 31 წლის მემკვიდრემ, ლეონარდო მარია დელ ვეკიომ გადაწყვიტა, საოჯახო ჰოლდინგიდან საკუთარი დედმამიშვილებისა და ოჯახის სხვა წევრების წილები სრულად გამოისყიდოს.
ამ ნაბიჯის მთავარი მიზანი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესიმპერიის ერთპიროვნულად მართვა და აქტივების ჩეხი მილიარდერის, მიხალ სტრნადის ხელში გადასვლისგან დაცვაა.
საკუთარ წინადადებაზე დელ ვეკიომ საჯაროდ იტალიურ გაზეთ Quotidiano Nazionale-ში გამოქვეყნებული წერილით განაცხადა. მემკვიდრის განმარტებით, მან უკვე მოიპოვა მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერა და მზად არის, გამოსყიდვის კონკრეტული გეგმა საოჯახო ჰოლდინგ Delfin-ის დანარჩენ შვიდ აქციონერს ოფიციალურად 7 ნოემბერს წარუდგინოს.
როგორც ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Corriere della Sera იუწყება, ამ გარიგების უკან ამერიკული საბანკო გიგანტი Citigroup-ი დგას, რომელიც ახალგაზრდა მილიარდერს 22 მილიარდი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფს.
არსებული ინფორმაციით, ლეონარდო მარია თითოეულ თანამემკვიდრეს მათი წილის სანაცვლოდ 3.7 მილიარდ ევროს სთავაზობს - როგორც დაუყოვნებლივი, სრული ანაზღაურების, ისე დროში ეტაპობრივად გადანაწილებული გადახდის ფორმით.
საქმე ისაა, რომ 2026 წლის ოქტომბერში ჩეხმა თავდაცვის სექტორის მაგნატმა და Czechoslovak Group-ის მფლობელმა მიხალ სტრნადმა, რომლის კაპიტალიც უკრაინის ომის ფონზე თავდაცვის ინდუსტრიის ბუმით მკვეთრად გაიზარდა, დელ ვეკიოების საოჯახო ჰოლდინგ Delfin-ის მინიმუმ 62.5%-იანი საკონტროლო პაკეტის შეძენა მოითხოვა.
სტრნადმა ოჯახს წილების გამოსყიდვა აქტივების წმინდა ღირებულებაზე 30%-იანი ფასდაკლებით შესთავაზა. ჩეხმა მაგნატმა ისარგებლა იმ გარემოებით, რომ ოჯახის წევრებს შორის დიდი ხანია დაპირისპირებაა, და სცადა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ქონება იაფად ჩაეგდო ხელში.
ლუქსემბურგში რეგისტრირებული ჰოლდინგი Delfin-ი ლეგენდარული იტალიელი ბიზნესმენის, ლეონარდო დელ ვეკიო უფროსის მიერ დატოვებულ "სეიფს" წარმოადგენს, რომლის საჯარო წილები ბირჟაზე 45 მილიარდ ევროზე მეტადაა შეფასებული. სწორედ Delfin-ი ფლობს სათვალეების მწარმოებელი EssilorLuxottica-ს თითქმის მესამედს (32%-ზე მეტს). როდესაც დელ ვეკიო უფროსი 2022 წელს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, მან თავისი ქონება თანაბრად გაუნაწილა რვა მემკვიდრეს - ქვრივს, სხვადასხვა ქორწინებიდან შეძენილ შვილებსა და ქვრივის შვილს წინა ქორწინებიდან. თითოეულმა მათგანმა Delfin-ის ზუსტად 12.5%-იანი წილი მიიღო. ამგვარმა სტრუქტურამ ოჯახში გადაწყვეტილების მიღების პროცესი სრულად პარალიზებამდე მიიყვანა, რადგან ნებისმიერი სტრატეგიული ნაბიჯისთვის რვავე აქციონერის თანხმობა იყო საჭირო, რაც მუდმივი შიდა ომების ფონზე შეუძლებელი აღმოჩნდა.
ლეონარდო მარია დელ ვეკიოს ახალი წინადადება ორმაგ მიზანს ემსახურება: ერთი მხრივ, დაბლოკოს ჩეხი მილიარდერის არასასურველი შეთავაზება, ხოლო მეორე მხრივ, თავად იქცეს იტალიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამრეწველო დინასტიის ერთპიროვნულ ლიდერად. მემკვიდრის განცხადებით, კომპანიას, რომელიც ოჯახის წევრების წილებს შეისყიდის, გამკაცრებული მმართველობითი წესები და სავალდებულო წესდება ექნება. მის გვერდით იქნებიან მრავალწლიანი მენეჯერული, იურიდიული და ფინანსური გამოცდილების მქონე პროფესიონალები, რომელთა რჩევებიც უმნიშვნელოვანეს ფინანსურ გადაწყვეტილებებზე სავალდებულო ხასიათის იქნება, რაც "საოჯახო დილეტანტიზმსა და დაუსრულებელ დავებს დაუსვამს წერტილს".
ეს ლეონარდო მარიას მხრიდან დედმამიშვილების წილების გამოსყიდვის პირველი მცდელობა არ არის. მანამდე მან 10 მილიარდი ევრო შესთავაზა ლუკა და პაოლა დელ ვეკიოებს მათი საერთო 25%-იანი წილის სანაცვლოდ, თუმცა გარიგება ჩაიშალა, რადგან დამფინანსებელმა ბანკებმა Delfin-ის საინვესტიციო აქტივების გირაოდ ჩადება მოითხოვეს, რაზეც ჰოლდინგის დირექტორთა საბჭომ მკაცრი უარი განაცხადა. ცოტა ხნის წინ კი უარყოფილ იქნა მისი შეთავაზება ნახევარძმის, როკო ბაზილიკოს წილის გამოსყიდვის შესახებაც. თუმცა ახლა, როდესაც კომპანიის საკონტროლო პაკეტის ხელში ჩაგდებას გარეშე პირი ცდილობს, ოჯახის წევრებს შორის მოლაპარაკებების დინამიკა არსებითად შეიცვალა.
შიდაოჯახურ კონფლიქტთან ერთად, 31 წლის მემკვიდრე ღიად დაუპირისპირდა ჰოლდინგის ამჟამინდელ ტოპ-მენეჯმენტსაც. ლეონარდო მარია სულ უფრო კრიტიკულად განეწყო Delfin-ის თავმჯდომარისა და EssilorLuxottica-ს აღმასრულებელი დირექტორის, ფრანჩესკო მილერის მიმართ, რომელიც გარდაცვლილი მამის ყველაზე სანდო მმართველი იყო. ახალგაზრდა დელ ვეკიო აცხადებს, რომ მილერის ყურადღება Delfin-ის სხვადასხვა ფინანსურმა და საბანკო აქტივებმა გაფანტა, რის გამოც სათვალეების ძირითადი ბიზნესი დაზარალდა და EssilorLuxottica-ს აქციების ფასი შემცირდა.






















