მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე დაიხარჯება ბოლნისის ₾38-მილიონიანი ბიუჯეტი?

63bd59fa80563
გვანცა სანაია
10.01.23 16:23
162
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი 38 140 000 ლარით განისაზღვრა. მიმდინარე წლის ბიუჯეტის საწყისი პროექტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ გასული წლის ბოლოს დაამტკიცა. როგორც ბოლნისის მერი, დავით შერაზადიშვილი ირწმუნება, მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული.

"სოციალური პროგრამები პრიორიტეტულია, ამიტომ ამ მიმართულებით 2023 წლის ბიუჯეტში 4 803 140 ლარია გათვალისწინებული. 2023 წელს არაერთ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რისთვისაც 6 456 000 ლარია გამოყოფილი“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ბოლნისის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 3 360 600 ლარი გამოყოფილია შპს კომუნალური მეურნეობის და ა(ა)იპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურის სუბსიდირებისათვის. ამასთანავე ამ დამტკიცებული ფინანსური რესურსის ხარჯზე განხორციელდება: კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია-ექსპლუატაცია, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რისთვისაც გათვალისწინებულია 787 000 ლარი, ხოლო 427 600 ლარი გამოყოფილია სასმელი წყლის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის; გარე განათების მოწყობისთვის 2023 წელს 1 270 000 ლარი დაიხარჯება.

ქალაქ ბოლნისში სკვერებისა და შადრევნების კეთილმოწყობისთვის 900 000 ლარი გამოიყო, ხოლო 560 000 ლარით მუნიციპალიტეტი ავტობუსებს შეიძენს. ამასთან, 2023 წლის ბიუჯეტში გამოიყო თანხები პროგრამის "სამოქალაქო ბიუჯეტირება- დაგეგმე შენი ბიუჯეტის" ფარგლებში, გამარჯვებული პროექტებისთვის. პროგრამაში გამარჯვებული პროექტებისთვის 1 500 000 ლარია გათვალისწინებული, რომლითაც 5 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის, როგორც პრიორიტეტული მიმართულებისთვის, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 5 245 100 ლარი, რომლიდანაც ჯანდაცვის პროგრამებს 444 000 ლარის ოდენობით თანხა მოხმარდება. რაც შეეხება სოციალურ პროგრამებს, მუნიციპალიტეტს ამ მიმართულებით 4 801 140 ლარი აქვს გათვალისწინებული. 2023 წელს ბოლნისში არსებულ სოციალური პროგრამას ორი ახალი მიმართულება დაემატა: მარტოხელა დედების მატერიალური უზრუნველყოფა, რომლის ფარგლებშიც მარტოხელა დედებისთვის ყოველთვიურად 70 ლარი განისაზღვრა, ხოლო სასკოლოდ შესაბამისი საჭიროებით უზრუნველყოფისთვის 300 ლარი გამოიყო (სარეიტინგო ქულა 20 000). ამოქმედდა ბავშვის მხარდაჭერის პროგრამაც, რომელიც განსაზღვრული ოჯახებისათვის იმ საჭიროებების მოგვარებას ითვალისწინებს, რომლებსაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ესაჭიროებათ.

სოციალური მიმართულებით ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის გამოყოფილია 180 000 ლარი; შშმ პირთა დახმარებისთვის 445 000 ლარი, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის დაფინანსება 2023 წელს 766 000 ლარით განისაზღვრა. 1 092 540 ლარია გათვალისწინებული სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიმართულებით.

რაც შეეხება განათლებას, 2023 წელს, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობისთვის 4 200 000 ლარია გათვალისწინებული, რომლიდანაც 300 000 ლარი ბაღების რეაბილიტაციას მოხმარდება.

კულტურის, ახალგაზრდებისა და სპორტის ხელშეწყობისთვის 8 807 700 ლარი დაიხარჯება, რომლიდანაც სპორტულ მიმართულებას 4 125 200 ლარი მოხმარდება, კულტურის განვითარებას 3 770 000 ლარი, მათ შორის 590 000 ბოლნისის მუნიციპალური თეატრის დაფინანსება იქნება, ხოლო 360 000 ლარია გათვალისწინებული ეპარქიის დაფინანსებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები