ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი, რკინიგზის მოდერნიზებისა და შემდგომი განვითარების ხედვები გააცნო დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს დღეს გამართულ შეხვედრაზე. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდის მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლების, ასევე მსხვილი, სტრატეგიული პროექტების მიმდინარეობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ - მათ შორის საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროცესს და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებისა და შემდგომი განვითარების ხედვებს", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ეკონომიკური კუთხით გატარებული რეფორმების თუ მსხვილი, საკვანძო პროექტების განხორციელების პროცესს.
„ჩვენ მსოფლიო ბანკთან წარმატებით, ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ უკვე არაერთი წელია, რის შედეგადაც მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა გავატარეთ და არაერთ პროექტი განვახორციელეთ, ან ახლა მიმდინარეობს ეს პროცესი. მათ შორის მინდა, გამოვყო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია (2023-2030) და მისი 2-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც მსოფლიო ბანკთან აქტიური თანამშრომლობის პირობებში მომზადდა და სატრანსპორტო სექტორის ყველა მიმართულებას მოიცავს. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა შუა დერეფნის განვითარების კუთხით - იქნება ეს მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევები თუ ლოგისტიკური დერეფნის გაციფრულების პროცესში გაწეული დახმარება. დღეს ჩვენ თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულების გარშემო ვიმსჯელეთ, დარწმუნებული ვარ, ის მომავალშიც ასევე წარმატებით გაგრძელდება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გურამ გურამიშვილმა და ვახტანგ ცინცაძემ. შეხვედრას ასევე დაესწრო შომიკ მენდირატა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელი.




























