სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც ირკვევა, ლიდერები პირდაპირი ორმხრივი დიალოგის გაგრძელებაზე, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმალიზებასა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის განმტკიცებაზე შეთანხმდნენ. ამასთან, მხარეებმა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტის, იგივე TRIPP-ის ფარგლებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
მხარეებმა შეხვედრაზე სამშვიდობო პროცესის პრაქტიკულ ეკონომიკურ შედეგებსა და სავაჭრო პერსპექტივებზეც იმსჯელეს. არსებული ინფორმაციით, მხარეების ყურადღების ცენტრში სომხეთში აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ექსპორტი, აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყნებიდან მარცვლეულისა და სხვა ტვირთების ტრანზიტი და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების დამყარება მოექცა. ლიდერებმა ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კონტაქტები დადებითად შეაფასეს და ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების გზები მიმოიხილეს.
პარალელურად, ოფიციალურმა პირებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიების მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მხარეებმა მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე პროცესის უწყვეტად გაგრძელების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

























