მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რბოლების გამართვისთვის თბილისში სპეციალური ადგილი მოეწყობა

5e3a7c138d48b
ინგა მურუსიძე
05.02.20 12:48
864

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, პროექტს „შენი იდეა ქალაქის მერს“ კიდევ ერთი გამარჯვებული ჰყავს.

მისი განმარტებით, ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა პროექტმა, რომელიც მულტიფუნქციური საწვრთნელ-გასართობი და სპორტული კომპლექსი მოწყობას გულისხმობს.

„ინვესტიციის განხორციელების მიზნით, თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე 91,642 კვ.მ. მიწის ნაკვეთი „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას“ გადაეცემა. ტერიტორიაზე მულტიფუნქციური საწვრთნელ-გასართობი და სპორტული კომპლექსი მოეწყობა. პროექტის იდეა გამომდინარეობს თბილისის გზებსა და ქუჩებში შექმნილი ვითარებიდან, რაც გარკვეულწილად უკავშირებდა უკანონო რბოლებს. სპორტული კომპლექსი ვარჯიშისა და მეცადინეობის შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ მსურველს. კომპლექსის ბაზაზე მოხდება ავტომობილების მართვის პედაგოგ-ინსტრუქტორთა მომზადება-გადამზადება და მოეწყობა სარბოლო მონაკვეთები.

კომპლექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის საწყისი ცოდნის და უნარ-ჩვევების შეძენა. გარდა ამისა, კომპლექსში გათვალისწინებული იქნება სპეციალური საწვრთნელი პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ფედერაცია ვალდებულებას იღებს, განახორციელოს 1,419,500 (მილიონ ოთხას ცხრამეტი ათას ხუთასი) ლარის ინვესტიცია ხუთი წლის ვადაში, საიდანაც 600,000 (ექვსასი ათასი) ლარი კომპლექსის მოწყობისთვის საჭირო ნებართვის მიღებიდან ერთ წელიწადში დაიხარჯება", - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები