1 მარტიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა. ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება და თვითდასაქმება მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. აღნიშნულ ნებართვებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს.
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე ახალი რეგულაციების ამოქმედების მიუხედავად, დამსაქმებელთა ასოციაცია კანონმდებლობაში არსებულ ბუნდოვანებაზე საუბრობს.
ორგანიზაციის იურისტის, ვახტანგ შურღაიას განცხადებით, არაერთი საკითხი, მათ შორის კომპანიის დირექტორებისა და პარტნიორების სტატუსი, სამინისტროს მხრიდან დამატებით დაზუსტებასა და სამუშაო შეხვედრებს საჭიროებს. მისი თქმით, კითხვები არსებობს დადგენილ გარდამავალ ვადებთან დაკავშირებითაც, რადგან 2027 წლის პირველი იანვარი ყველასთვის საერთო ვადას არ წარმოადგენს და დოკუმენტაციის მოწესრიგება შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთანავე ხდება სავალდებულო.
“არის რაღაც საკითხების გარკვეული რაოდენობა, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას. ზოგ შემთხვევაში ჩვენ მიგვაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს ამ წესში, ზოგ შემთხვევაში უბრალოდ ადმინისტრაციული პრაქტიკაა საჭირო, რომ დადგინდეს როგორი პრაქტიკით წავა სამინისტრო. დავაზუსტებდი, მაგალითად, გარდამავალი პერიოდის ნაწილში: 2027 წლის პირველ იანვრამდე პერიოდი არ ნიშნავს იმას, რომ ყველას ცალსახად ამ დრომდე აქვს ვადა. მაშინ, როდესაც ხელშეკრულება გიმთავრდება და განახლებას აკეთებ, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს საბუთების მოწესრიგება. მაგალითად, თუ პირს უმთავრდება ხელშეკრულება სექტემბრის თვეში, მისთვის გარდამავალი პერიოდი მთავრდება სექტემბერში და არა იანვარში. იყო მაგასთან დაკავშირებით მინისტრის მხრიდან დაზუსტებები, რაც შეიძლება პროექტში აისახოს.
დადგენილებაში რაც წერია და რასაც ჩვენ ვკითხულობდით, დადასტურდა კიდევაც ეს, რომ ეხება ყველა უცხოელს, ვინც საქართველოში ეწევა შრომით-სამეწარმეო საქმიანობას. დღეის მდგომარეობითაც ასეა ჩანაწერი გაკეთებული და შესაბამისად, ამ ეტაპისთვის ახალი ცვლილება რამე სხვა არ არის. ჩვენ ველოდებით, რომ უფრო სამუშაო ფორმატის შეხვედრა დაიგეგმება სამინისტროში, სადაც შესაძლებელი იქნება უფრო დეტალურად სამართლებრივი დასაბუთება წარვადგინოთ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. თუნდაც არსებული დირექტორები ან პარტნიორები თუ არ აიღებენ ამ სამუშაო ნებართვას, როგორ უნდა გააგრძელონ საქმიანობა, ან თუ არ უნდა გააგრძელონ, მაშინ რა წესია მათთვის განსაზღვრული. ეს საკითხები ჯერჯერობით ღიაა,”-ამბობს დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტი ვახტანგ შურღაია.




























