მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 9 პროექტია დაფინანსებული

58b58f53959a2
სალომე მეცხვარიშვილი
28.02.17 19:13
1352
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 9 პროექტია დაფინანსებული,- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი მიშელაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც პროგრამა დაიწყო, პროექტში მილიონ 50 ათასი ლარია დახარჯული.

"ჩვენ ისეთი კრიტერიუმები გვაქვს განსაზღვრული, რომ ყველა პატარა კოოპერატივი ვერ მიიღებს პროგრამაში მონაწილეობას. გამსხვილების პროცესი კი ყველას არ შეუძლია.

ჩვენი ფერმერების და საერთოდ, მთელი მსოფლიოს კოოპერტივების, მთავარი პრობლემა ერთობლივად საქმიანობაა",- აცხადებს გიორგი მიშელაძე.

მისი თქმით, კოოპერატივების სააგენტო ელოდება, რომ წელს დამატებით კიდევ 9-10 კოოპერატივის დაფინანსება მოხდება.

ყველაფერთან ერთად, მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა მეცხვარეობისა და მეთხევეობის ხელშეწყობასაც ითვალისწინებს.

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის მიზანია, საქართველოში რძისა და რძის ნაწარმის წარმოების ხელშეწყობა; რძის გადამამუშავებელი ინდუსტრიის ნედლი რძით უზრუნველყოფა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ - გადამამუშავებელი საწარმოების ჩამოყალიბების სტიმულირება; ადგილობრივი რძისა და რძის ნაწარმის ხარისხის გაუმჯობესება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება; სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივებში არსებული მსხვილფეხა საქონლის ჯიშობრივი გაუმჯობესება; სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.

პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს კაპიტალური ინვესტირება; ტექნიკური დახმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები