გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გელა ხანიშვილის განცხადებით, რძისა და რძის პროდუქტების მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ კანონპროექტზე, რომელსაც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა, მთავრობაში დისკუსია გრძელდება.
"ჩვენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ოფიციალური პოზიცია დავაფიქსირეთ მხარდაჭერით. მე ვერ ვიტყოდი, რომ ვინმე მხარს არ უჭერს. კანონის ირგვლივ გრძელდება დისკუსია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ეს არის ერთის მხრივ, გარკვეულწილად წახალისების მექანიზმი, მაგრამ ეს მექანიზმი უნდა იყოს საყოველთაო, მეორეს მხრივ, მას აქვს გარკვეული ფისკალური დატვირთვა, რომელზეც ფინანსთა სამინისტრო მსჯელობს. ვფიქრობ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაექვემდებარება მეტ განხილვას.
ჩვენ, როგორც სამინისტრომ, ეს მხარდაჭერა გამოვთქვით წერილობით და ჩვენი პოზიცია ამ თვალსაზრისით ნათელია", – განუცხადა BM.GE–ს გელა ხანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში, რომელიც რძეს და რძის პროდუქტებს ეხება. კერძოდ, დღეს არსებული რეგულაციით დღგ-ისგან გათავისუფლებულია მხოლოდ 2 ლიტრზე მეტი პირველად საფუთავებში ჩასხმული რძე და საქართველოში წარმოებული ყველი. კანონპროექტის მიხედვით კი, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით სრულად თავისუფლდება ნატურალური რძისა და რძის ნაწარმის მიწოდება.
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილების შედეგად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს წლიურად შესაძლებელია დააკლდეს 35 მლნ ლარი.
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა თავის დროზე, როდესაც ეს კანონპროექტი იყო წარმოდგენილი პარლამენტში, ფინანსთა სამინისტროსგან მოითხოვა, წარმოედგინათ უფრო მეტი არგუმენტაცია, მათ შორის რიცხვების თვალსაზრისით, ვინაიდან კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდიდა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია აცხადებს, აღნიშნული ინიციატივა სულაც არ აიაფებს პროდუქტს.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორებისაგან თავის დროზე მეტი არგუმენტაციის წარმოდგენა იყო მოთხოვნილი, ეს არგუმენტები დოკუმენტის განხილვაზეც არ იყო წარმოდგენილი.
საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგად, კომიტეტმა აღნიშნულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ჯერჯერობით უცნობია, როდის ექნება მთავრობას ამ ცვლილებების პარლამენტში ინიცირების მორიგი მცდელობა.

























