მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რძის სექტორი აფლატოქსინის ნორმის დროებით 0.5-მდე დაბრუნებას ითხოვს

მერძევეობის პროგრამა

“მერძევეთა ასოციაცია” ხელისუფლებას რძეში აფლატოქსინის შემცველობის რეგულირების გადახედვის თხოვნით მიმართავს. დარგის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის სტანდარტის (0.05 მკგ) ნაადრევი დანერგვა ადგილობრივ ფერმერებსა და გადამამუშავებლებს მძიმე წნეხის ქვეშ აყენებს.

როგორც “მერძევეთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე BMG-სთან აცხადებს, დარგის სრუვილია სტანდარტი რამდენიმე წლით 0.5 მკგ-იან ნიშნულზე დაბრუნდეს, რაც, მისივე თქმით, მიღებული პრაქტიკაა აშშ-ში, იაპონიასა და სხვა წამყვან ქვეყნებში, ხოლო ბავშვთა კვებისთვის შენარჩუნდეს მკაცრი, 0.05-იანი ნორმა.

ბენიაიძის განმარტებით, აფლატოქსინის პრობლემა მხოლოდ რძის წარმოების პროცესში არ წარმოიშობა - ეს არის გრძელი ჯაჭვი, რომელიც იწყება ნიადაგიდან და პირუტყვის საკვებიდან (ბურაჟი, სიმინდი, შროტი). მისი თქმით, ევროკავშირისგან განსხვავებით, სადაც სოფლის მეურნეობა მასშტაბურად სუბსიდირდება, ქართველი ფერმერებისთვის ამ ეტაპზე ურთულესია საკვები ბაზის ისეთი კონტროლი, რაც რძეში აფლატოქსინის მინიმალურ (0.05) შემცველობას უზრუნველყოფს.

„ჩვენ ევროკავშირს ვერ შევედრებით, იქ უზარმაზარი დაფინანსებები და სუბსიდიებია. მათ მკაცრი ნორმა საკუთარი ბაზრის დასაცავადაც მიიღეს. ჩვენს შემთხვევაში კი, იმის გამო, რომ რძეში შემცველობა ხანდახან, 0.07-ია (რაც 0.5-ზე ბევრად დაბალია, მაგრამ 0.05-ზე მეტი), ფერმერს პროდუქციას უწუნებენ. ეს იწვევს ჯაჭვურ რეაქციას და დიდ ზარალს დაბალ მარჟაზე მომუშავე მეწარმეებისთვის,“ - ამბობს მერძევეთა ასოციაციის თავმჯდომარე BMG-სთან.

როგორც ბენიაიძე განმარტავს, დარგი ითხოვს 3-დან 5 წლამდე გარდამავალ პერიოდს, რათა სექტორი ინფრასტრუქტურულად და ტექნოლოგიურად მომზადდეს ევროპული სტანდარტების მისაღწევად.

რძეში ალფატოქსინების დასაშვები ნორმა 0,5 მიკროგრამიანი ზღვარი 0,05 მიკროგრამზე 2024 წელს ჩამოვიდა. დარგის წარმომადგენლების ცნობით, შედეგად, ინდუსტრიული რძის წარმოების თითქმის 40-45% ლაბორატორიულ შემოწმებას ვერ გადის. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში წლიურად დაახლოებით, 50 მილიონი ლიტრი ინდუსტრიული რძე იწარმოება, 20 მილიონ ლიტრზე მეტი პროდუქტი ფერმერებს უკან უბრუნდებათ და იღვრება.

ამასთან, დარგში აცხადებენ, რომ ალფატოქსინების 0.5 მკგ მაჩვენებელი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და მსოფლიოს ბევრ წამყვან ქვეყანაში ეს მაჩვენებელი მოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები