მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რძის სკანდალი" აჩვენებს, რომ რეჟიმი მიმართულია, რაც შეიძლება მეტად გამდიდრდნენ ოლიგარქები - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "რძის სკანდალს" ეხმაურება და აცხადებს, რომ დასავლური სტანდარტების დარღვევით პროდუქტის წარმოება აჩვენებს, რომ ოლიგარქიული რეჟიმი ბიზნესმენთა გამდიდრებაზეა მორგებული, მათ შორის, ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე.

ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს სწორედ იმიტომ სჭირდება, რომ ქვეყანაში წარმოება რეალურად კონტროლდებოდეს და არა მხოლოდ სხვადასხვა სტანდარტის ფორმალური დანერგვით.

"ეს საკითხი ყველას ეხება, რძის სკანდალი ბევრი რამის მაჩვენებელია: ოლიგარქიული რეჟიმი ნიშნავს, რომ ყველაფერი მიმართულია, რაც შეიძლება მეტად გამდიდრდნენ პატარა თუ დიდი ოლიგარქები, ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე. არაფერს უკვირდებიან და არაფერი აფერხებთ მათ.

რატომ გვინდა ჩვენ ევროპა? სწორედ იმიტომ, რომ ადამიანი, მოქალაქე დაცული არ იყოს მხოლოდ რაღაც რეგლამენტაციით, რომელზეც "ქართულ ოცნებას" ხელი აქვს მოწერილი ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. მარტო ხელის მოწერა არ ყოფნის, მერე ეს უნდა შეასრულო, უნდა არსებობდეს ნამდვილი, დამოუკიდებელი სურსათის უვნებლობის სააგენტო, რომელიც არ გვაქვს. ეს სააგენტო, როგორც ყველა სხვა ინსტიტუტი, მათზეა [ქართულ ოცნებაზე] დამოკიდებული და არანაირად არ ასრულებს თავის ფუნქციას. სასამართლოში, რომელშიც შეიტანა თურმე პაპუაშვილმა სარჩელი, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, ესე იგი, ადამიანი არაფრისგან არ არის დაცული, ეს გამოჩნდა დღეს ძალიან ნათლად ამ სკანდალით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეხუთე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მომხდარი საფრთხეს უქმნის ქართული პროდუქტების რეპუტაციასაც, ვინაიდან, მისი თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანა იმპორტზე არ არის დამოკიდებული.

„რადიო თავისუფლების“ მიერ 31 მარტს გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიით გაირკვა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“, რომელსაც ათასობით ძროხა ჰყავს, საქონლის გამოსაკვებად ქათმის სკინტლს იყენებდა. სასამართლოს მასალების მიხედვით, ერთი ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა. „ყვარლის ბაგის“ რძეს ყიდულობენ „სანტე“, „სოფლის ნობათი“, „აგროჰაბი“ და „ყვარლის ბაგის“ შვილობილი „რძის ლაბორატორია“.

ძროხების ქათმის ნაკელით გამოკვებაზე „რადიო თავისუფლებისთვის“ ცნობილი არ გახდებოდა, რომ არა „ყვარლის ბაგის“ მიერ „ჩირინას“ („ბიუ-ბიუს“) წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა - რძის მწარმოებელი კომპანია სკინტლის გამყიდველს 2018-19 წლებში 200-მდე ძროხის დახოცვაში ადანაშაულებდა - ამტკიცებდა, რომ ნაყიდ ნაკელში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები