მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეაბილიტირებულ ასურეთში სასაფლაო ერთ-ერთი ტურისტული ატრაქცია იქნება

5bbdbd691259f
BM.GE
10.10.18 13:00
1484
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ასურეთში რებილიტაციის მეორე ფაზა მიმდინარეობს, რომელიც ე.წ კირხეს რეაბილიტაციას გულისხმობს და XIX საუკუნეში, ასურეთში მცხოვრები გერმანელების მიერ აგებული ეკლესიის, სამი საცხოვრებელი სახლისა და სასაფლაოს აღდგენას მოიცავს.

ფონდის ხელმძღვანელის გიორგი შენგელიას განმარტებით, სარეაბილიტაციო ნუსხაშია ადგილობრივი დასახლებისთვის დამახასიათებელი სასაფლაო.

"ტურისტული ინტერესი რა თქმა უნდა იქნება. ჩვენ თუ მნიშვნელოვან ატრაქციად გვაქვს ხევსურეთში საძვალეები, რაც ტურისტებს იზიდავს, ვფიქრობთ რომ მისი განსხვავებულობიდან გამომდინარე ტურისტებს ესეც დააინტერესებთ", - განაცხადა გიორგი შენგელიამ საქმიანი დილას ეთერში სტუმრობისას.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ასურეთი ბიზნესისთვისაც საინტერესო საინვესტიციო ადგილი იქნება. მისივე განცხადებით, გერმანული სტილის ხის ჩანართებიანი სახლების გარე ფასადები შეკეთდება და ამ მხრივ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან მოლაპარაკებები დასრულებულია.

"ვფიქრობ, საინვესტიციო ფონდებმა და ბიზნესებმაც უნდა მიაქციონ ამ ადგილს ყურადღება. ჩვენ გვაქვს პროექტი რომელიც ინვესტიციების დახმარებას ითვალისწინებს, თუმცა ბევრი ბენეფიციარი ამ პროექტს არ ჰყავს. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტით ინვესტორი ვალდებულების აღების შემთხვევაში ინფრასტრუქტურულ ნაწილში ინვესტიციის მეოთხედს სახელმწიოს მხრიდან დახმარებად იღებს,“ - განმარტავს გიორგი შენგელია.

მისი თქმით, ასურეთი საინტერესო უნდა იყოს ლუდსახარშებისთვისაც და ამის ერთ ერთ მიზეზად უძველეს გერმანულ ღვინის ქარხანას ასახელებს, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თქმით მნიშვნელოვანი ისტორიის მქონეა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ასურეთში სამუშაოების დასრულებას მომავალი წლისთვის გეგმავს. მეორე ეტაპის ტენდერი 15 ოქტომბერს გამოცხადდება, პირველ ეტაპი, რომელიც უკვე დასრულებულია ითვალისწინებდა გზაზე ქვაფენილის დაგებას, წყალამრიდი ბეტონის კიუვეტების მოწყობას, ღობისა და ჭიშკრების აღდგენას პირვანდელი იერ-სახით, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და ქუჩის გარე განათებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები