თელავში რეაბილიტირებული ნადიკვრის პარკის ოფიციალური გახსნა 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის
საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ვითარებაში იგეგმება. ამის შესახებ BM.GE-ს თელავის მერიაში განუცხადეს.
"პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში ამფითეატრი მოეწყო, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ საზოგადოებრივ სველ წერტილს, საფეხმავლო ბილიკებს, გარე განათების ქსელს. ტერიტორიაზე დამონტაჟდა ახალი სამეთვალყურეო კამერები. ტერიტორიაზე სარწყავი სისტემა მოეწყო და განახლდა სავაჭრო ჯიხურები. ამასთან, განახლებულია საბავშვო სივრცე, რომელიც სხვადასხვა სახის სპორტული ტრენაჟორით, გასართობი ატრაქციონებით აღიჭურვა", - აცხადებს თელავის მერია.
აღსანიშნავია, რომ ნადიკვრის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 10 აპრილს იყო დაანონსებული, თუმცაღა პროექტის გაჭიანურებას მერიაში მშენებელი კომპანიის ცვლილებას უკავშირებენ.
პროექტის რეაბილიტაციის ღირებულებამ 2 730 936 ლარი შეადგინა.