მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Reachnewmarkets: საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ქართულ საწარმოებს მოინახულებენ

648767c5760fb
ლიკა მეგუთნიშვილი
12.06.23 22:50
999
სტატიაში საუბარია:
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ქართული აგრობიზნესების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას კვლავ აქტიურად ატარებს. პროექტის ფარგლებში, ამჯერად მათ საქართველოში საერთაშორისო წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები ჩამოიყვანეს, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საწარმოს ესტუმრებიან და ქართულ პროდუქციას გაეცნობიან.

საქართველოში დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან 8 ეკონომიკური მიმართულების ჟურნალისტი ჩამოვიდა. ამ ჟურნალისტებს შორის ისეთი გავლენიანი მედიის წარმომადგენლებიც არიან, როგორიცაა: BBC, Financial Times და ა.შ. ჟურნალისტები საქართველოში მომდევნო 8 დღის განმავლობაში როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კაკლოვანი კულტურების, მოცვის, ჩაისა თუ სხვა პროდუქციის გადამამუშავებელ საწარმოებს მოინახულებენ.

როგორც ჟურნალისტები BMG-თან აღნიშნავენ, მათი ინტერესის მთავარი სფერო არის ქართული სამზარეულო და მათი ჟურნალისტური ნამუშევრებიც სწორედ ქართული კერძებისა და იმ პროდუქტებისკენ იქნება მიმართული, რითაც ეს კერძები მზადდება.

„ძალიან მაინტერესებს ქართული სამზარეულო. ის იმდენად მრავალფეროვანი და ამოუწურავია, ვფიქრობ, სრულიად სამართლიანად მსოფლიო საგანძურის ტიტულსაც ატარებს. ფანტასტიკურია, როგორ იყენებთ მწვანილებსა და ნიგოზს კერძებში, ეს არის ის, რასაც სხვაგან ვერ ნახავთ. სამწუხაროა, რომ ამის შესახებ ბევრმა არ იცის და ვფიქრობ, ჩემი სტატიაც სწორედ ქართულ სამზარეულოსა და იმ პროდუქტების წარმოებას მიეძღვნება, რითაც ეს შესანიშნავი კერძები მზადდება“, - აცხადებს Süddeutsche Zeitung-ის ჟურნალისტი მარტინ როლფი.

„ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ხუთ სხვადასხვა რეგიონს ვეწვევით. მოვინახულებთ როგორც კაკლის, თხილის, ლურჯი მოცვის, ასევე, მწვანილების, სანელებლებისა თუ ჩაის გადამამუშავებელ საწარმოებს. ქართული სასოფლო-სამეურნეო კულტურა და ტრადიციები ყოველთვის მაინტერესებდა, განსაკუთრებული ინტერესი კი თქვენი სამზარეულოს მიმართ მაქვს. იმედი მაქვს, ამ ტურის ფარგლებში მექნება შესაძლებლობა, რომ ამ ყველაფრის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოვიპოვო“, - აღნიშნავს ბრიტანელი ჟურნალისტი ჯორჯი სტაილსი.

როგორც USAID-ის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ამბობენ, ჟურნალისტების აქ ჩამოყვანის მოტივი მათთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და საექსპორტო პოტენციალის გაცნობაა.

მათი თქმით, ამ რვადღიანი ტურის მთავარი მიზანია, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს აჩვენონ, თუ რამდენად დივერსიფიცირებულია ქართული სოფლის მეურნეობა და ქართველ მეწარმეებს რამდენი სხვადასხვა ტიპის პროდუქციის წარმოება შეუძლიათ. ეს ინფორმირებულობა კი, საბოლოოდ ევროპულ ბაზარზე ქართული ნაწარმის პოპულარობასა და მასზე მოთხოვნის ზრდას განაპირობებს.

„მსგავსი ტური სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჯერ არ განხორციელებულა. ვფიქრობთ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მიმართულებით მსოფლიოსთვის სათქმელი გვაქვს. ქართული პროდუქტებისადმი ცნობადობა არ არის ისეთი, როგორიც გვინდა რომ იყოს და ნამდვილად შესაძლებელია, მსოფლიოს მაღალხარისხიანი ქართული პროდუქცია გავაცნოთ. ასევე, წარმოვაჩინოთ საქართველო როგორც სანდო პარტნიორი მსოფლიო შემსყიდველებისათვის“, - აცხადებს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელი, ლუიზა ნამიჩეიშვილი.

„გაუკვირდა და მოეწონა ყველას ის ფაქტი, რომ ჩვენი ექსპორტის ზრდა ევროკავშირის მიმართულებით არის 30% და ზოგადად ექსპორტის კონტრიბუცია ეკონომიკის ზრდაში არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ როდესაც ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ, ამაში ექსპორტის წვლილი უდიდესია. ცხადია, ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს გავაცანით და როდესაც ისინი თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან ამ ინფორმაციას ფართო საზოგადოებაში მაქსიმალურად გაავრცელებენ“, - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

„ჩვენი სტრატეგიული ბაზარი უპირველესად ევროკავშირია. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცნობადობის გაზრდა, რომ უფრო მეტი ქართული პროდუქტი გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე, იქნება ეს ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, ხილი, წვენები და ა.შ“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ.

ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამაში მონაწილეობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 60-მდე, ლურჯი მოცვის, კაკლოვანი კულტურების მწარმოებელი და სურსათის გადამამუშავებელი ექსპორტზე ორიენტირებული საწარმო შეირჩა და მისი მიზანი ქართველი მწარმოებლების პოტენციურ მყიდველებთან დაკავშირებაა.

პროექტის ფარგლებში, გერმანიიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 3 სავაჭრო მისია იმყოფებოდა, რომლებმაც ქართული საწარმოები მოინახულეს და მათ წარმომადგენლებთან სამომავლო პოტენციური თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები გამართეს.

როგორც USAID-ის წარმომადგენლები ამბობენ, მოლაპარაკებებმა შედეგი უკვე გამიღო და ქართველი მოცვის მწარმოებლების პირველი კონსოლიდირებული კონტეინერი გერმანიაში გაიგზავნა.

„დასავლეთ საქართველოში, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში ძალიან ბევრი მოცვის მწარმოებელი გვყავს და მათ თავად გადაწყვიტეს, რომ საჭირო იყო საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება. ჩვენი დახმარებით საქართველოში ჩამოვიდა გერმანელი მყიდველი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი და ამბიციური გეგმები, რომ საქართველოდან 1000 ტონაზე მეტი მოცვი გაიტანოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სექტორს აჩვენებს, თუ რა მიმართულებით შეიძლება სამომავლოდ განვითარდეს“, - განაცხადა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ნამიჩეიშვილმა.

გარდა გერმანიისა, USAID-ის წარმომადგენლების განმარტებით, პროდუქცია უახლოეს მომავალში სპარსეთის ყურის ქვეყნებშიც გაიგზავნება.

როგორც USAID-ის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ თუ სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები განმარტავენ, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება სოფლის მეურნეობის გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან ის ტრადიციულ ბაზრებზე დამოკიდებულებასა და რისკების შემცირებას უზრუნველყოფს.

„საქართველოში 15-ზე მეტი პოტენციური მყიდველი იმყოფებოდა და სხვადასხვა კომპანიები მოინახულეს. რამდენიმე მათგანმა გამოთქვა მზაობა, რომ ქართულ კომპანიებთან წელსვე დაიწყოს ურთიერთობა. ამ სეზონის შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობა ექნება და სულ სხვანაირად დაგეგმავენ მომავალ წელს. რეალურად სექტორმა დაინახა, რომ ბაზრების დივერსიფიცირება არის მნიშვნელოვანი და ეს უპირველესად მათ ბიზნესზე აისახება დადებითად“, - ამბობს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელი, ლუიზა ნამიჩეიშვილი.

„საერთაშორისო კონსულტანტებმა, რომლებიც ასევე USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდნენ დაეხმარნენ ჩვენს მეწარმეებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში იმპორტიორები ეპოვათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნები არ არის შეზღუდული, შეიძლება იყოს როგორც არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ისე აშშ, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. ჩვენი გეგმაა, საექსპორტო ბაზრები რაც შეიძლება მეტად დივერსიფიცირებული გვქონდეს და არ ვიყოთ ერთ ქვეყანაზე დამოკიდებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ქვეყანა არასტაბილურობით გამოირჩევა“, - აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

„ჩვენ ყოველწლიურად ვაფინანსებთ მეწარმეების მიერ პროდუქციის გატანას სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ პოტენციურ მყიდველებთან უშუალო კონტაქტები დაამყარონ. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ყოველწლიურად ქართული აგროპროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები მზარდია. მაგალითად, 2022 წელს წინა წელთან შედარებით 11%-იანი ზრდა გვქონდა“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ.

ექსპორტის საბაზრო კავშირების პროგრამა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და როგორც ამ პროგრამის ხელმძღვანელები ამბობენ, ის მომავალში კვლავ გაგრძელდება. პროგრამის დახმარებით კიდევ უფრო მეტი ქართული ბიზნესი შეძლებს პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, მის პოპულარიზაციასა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.

მათი თქმით, ეს ყველაფერი საბოლოოდ არა მხოლოდ ქართველი მწარმოებლების შემოსავლების ზრდას, არამედ ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები