თბილისის მერის და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი ცდილობს, საზოგადოებაში შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, თუმცა რეალურად, საქმე კონკრეტულ დანაშაულს ეხება.
კალაძემ ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა და კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თემო წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე.
„ბაჩიაშვილს აქვს კონკრეტული დანაშაული. ცხადია, ის ცდილობდა და ცდილობს, რომ როგორმე წინ აიფაროს პოლიტიკური სარჩული, ვითომ პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. რეალურად ყველამ ვიცით მისი დანაშაული, ეს ყველასთვის ცხადი და ცნობილია. შესაბამისად, არც იმ შეკვეთილი სტატიები მიკვირს, რაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ქვეყნდება. ამ ადამიანის ირგვლივ მიმდინარე პროცესები და მოვლენები ყველასთვის ნათელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერის განცხადებით, ბაჩიაშვილის მცდელობა, საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს, შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან საქმე ფაქტებზეა დაფუძნებული.
რაც შეეხება აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დამატებით შესაძლო სანქცირებას, კალაძე აცხადებს, რომ აშშ-ის წინა ხელისუფლება მოქმედებდა სიცრუესა და ცილისწამებაზე დაყრდნობით.
„ეს ყველაფერი არის სიცრუე, ცილისწამება. წინა ადმინისტრაცია დაკავებული იყო მხოლოდ და მხოლოდ მუქარებით და ცილისწამებით. მათ მიერ გაკეთებული ყველა განცხადება დაფუძნებული იყო ტყუილზე. გადაწყვეტილება, რომელიც მათ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მიიღეს, არის აბსურდული, სიცრუე და სისულელე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეიცვლება მიდგომები და ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა“, – განაცხადა თბილისის მერმა.




























