მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2: აშშ-თან პარტნიორობა - ბიზნესის შეფასება - ინტერვიუ ნინო მენთეშაშვილთან / 29.02.2024

ბოლო დღეებში დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მისამართით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან არაერთი განცხადება გაჟღერდა. აქედან პირველი თავად ახალი პრემიერის - ირაკლი კობახიძის შეფასება იყო, რომ ამერიკასთან ურთიერთობის კუთხით, წლების მანძილზე გარკვეული სისუსტეები შეინიშნებოდა. პრემიერმა პირდაპირ თქვა, რომ სავაჭრო კუთხით “კარგი ვითარება არ გვაქვს” და სტრატეგიულ პარტნიორთან ფრენების და უვიზო მიმოსვლის შესახებ საკითხებზე მუშაობა გასაუმჯობესებელია.

პრემიერის ამ გამოსვლას მიმდინარე კვირაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რობინ დანიგანის პარლამენტში ვიზიტი მოჰყვა. ამერიკელმა დიპლომატმა, რომელიც ელჩად საქართველოში გასულ წელს დაინიშნა, საკანონმდებლო უწყებაში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა აღუთქვა და იმ ფინანსურ მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ამერიკამ პარტნიორობის 32-წლიანი ისტორიის მანძილზე საქართველოს აღმოუჩინა და რომლის საერთო მოცულობა 6 მლრდ დოლარს შეადგენს.

გამოსვლიდან ისიც გაირკვა, რომ საქართველოს პრემიერის შეფასებებს ამერიკელი დიპლომატი გარკვეულწილად იზიარებს და ქვეყნებს შორის 2023 წელს რეკორდულ - 2 მლრდ დოლარამდე გაზრდილ სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელს, არასაკმარისად მიიჩნევს. დიპლომატის ეს შეფასება ალბათ გასაგებიცაა, რადგან სავაჭრო ბრუნვის ზრდა ძირითადად ამერიკიდან ავტომობილების იმპორტის ზრდითაა განპირობებული. პარლამენტში გამოსვლისას ელჩმა საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის ხელშეწყობაზეც ისაუბრა და ამ კუთხით ამერიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ელჩს არც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის ქვეყნის ეკონომიკაში, უფრო კონკრეტულად კი ფოთის პორტში 50 მლნ-იანი ინვესტიციის ფაქტი დაუტოვებია ყურადღების გარეშე და განაცხადა, რომ ამგვარად “ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს “შუა დერეფანში”. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ფოთის პორტი ქვეყანაში ერთადერთი ბიზნესი არ არის, რომელსაც DFC აფინანსებს.

თბილისის აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისთვის 2022 წლის ბოლოს საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია FedEx-ის ლიცენზიანტმა Information Communication Systems-მა ამერიკის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისგან 4 მილიონი დოლარის გრძელვადიანი სესხი აიღო, რომელიც 10 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.

როგორია ამერიკასთან ეკონომიკური ურთიერთობები და რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა, სახელმწიფომ სტრატეგიულ პარტნიორთან დასაახლოებლად?

ინტერვიუერი: ვიქტორია მღებრიშვილი - BM.GE-ის რედაქტორი;

სტუმარი: ნინო მენთეშაშვილი - Fed EX-ის საქართველოში წარმომადგენელი კომპანიის ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები