კვალიფიციური კადრების დანაკლისს დღეს საქართველოში თითქმის ყველა სექტორი განიცდის. გამონაკლისი არც ტექინდუსტრიაა.
„რედბერი“- კომპანია რომელიც საქართველოსთვისაც და მის ფარგლებს გარეთაც საინტერესო სერვისის შემთავაზებელია 115 მაღალკვალიფიციურ თანამშრომელს აერთიანებს.
გუნდის წევრების გამრავალფეროვნების და ზოგადად გუნდის ზრდის მიუხედავად, სწრაფად მზარდი ბაზარი კომპანიას კვალიფიციური დეველოპერების მუდმივი დეფიციტის წინაშე აყენებს, ამ დეფიციტის აღმოფხვრა კი USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში გადაწყდა.
„90 მომავალი ჯუნიორ დეველოპერის გადამზადება 16 თვეში შევძელით, 3 ბუთქემფის ნაკადის მიღებით. თითოეულ მიღებაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო – დაახლოებით 1000 აპლიკაციას ვიღებდით დამწყები დეველოპერებისგან და შემდეგ უკვე შერჩევის პროცესში ვარჩევდით საუკეთესოებს,“ – აღნიშნა Redberry-ს HR ბიზნესპარტნიორმა, ტასო მოწონელიძემ.
Redberry-ს სწავლების პროცესი ადაპტირებული იყო ონლაინ გარემოზე, ამიტომ სწავლა ნებისმიერ მსურველს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან შეეძლოთ. პროგრამაში მონაწილეთა 20-25% რეგიონის მცხოვრებლები იყვნენ.
„საბოლოო ჯამში ბუთქემფი წარმატებული გამოდგა დასაქმების თვალსაზრისით, წარმატებით ვინც გაიარა ბუთქემფი დიდი ნაწილი ჩვენსავე კომპანიაში დავასაქმეთ, ასევე აქტიურად ვუწევდით რეკომენდაციებს სხვა კომპანიებთანაც და თავისი უნარებიდან გამომდინარე, არც თვითონ უჭირდათ დასაქმება“ – განაცხადა ტასო მოწონელიძემ.
გადამზადების პროცესში მონაწილეთა ასაკი შეზღუდული არ იყო, ძირითადად 18-დან 26 წლამდე ასაკის ადამიანები აქტიურობდნენ. გადამზადების პროგრამა მონაწილეებისთვის სრულად უფასო იყო.
Redberry-ს ბუთქემფზე მუშაობის გაგრძელება სამომავლოდაც იგეგმება, თუმცა პირველი ნაკადის მიღება როდის დაიწყება ჯერ ცნობილი არ არის.
„რედბერი“ 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს სერვისებს, როგორც software მიმართულებით, აგრეთვე მარკეტინგის მიმართულებით.