მომდევნო 2-3 წლიან პერსპექტივაში „REDCO“ გუდაურში დამატებით 3 500-მდე ნომერს ააშენებს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ ისაუბრა, კომპანიას ამ დრომდე ახალ გუდაურში არსებულ 50 ჰა ტერიტორიაზე 16 აპარტოტელი აქვს აშენებული, რაც ჯამურად 4000 ნომერს აერთიანებს.
კითხვაზე, რამდენად სწორად ხდება კურორტის განაშენიანება, კუნელაური აცხადებს, რომ მასშტაბური განაშენიანების დროს პრობლემები არსებობს, თუმცა „კომპანია მის აღმოფხვრაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს.“
„რაც შეეხება პრობლემებს და მომიჯნავე საკითხებს რომელიც შეიძლება გზადაგზა წარმოიქმნას, მე ვერ ვიტყვი, რომ როცა ამხელა განაშენიანებას აკეთებ, არანაირ პრობლემას არ შეიძლება წააწყდე. ეს არის მუდმივი განვითარების პროცესი, მთავარია პრობლემების გადაჭრაზე ვმუშაობდეთ. მაგრამ მთავარი რაც არის, საქართველოს სამთო კურორტებზე დღემდე ერთადერთი, და არა ერთ-ერთი, ეს ლოკაციაა სადაც „რედკომ“ ააშენა მინი სოფელი, რომელიც მინიც აღარ არის, იმიტომ რომ 15 აპარტოტელისგან შედგება. ეს ერთიანი განაშენიანების ფარგლებში დაგეგმილი მშენებლობაა და არა სხვადასხვა კომპანიების და კერძო პირების მიერ თავის ნებაზე აშენებული, რომელსაც აქვს თავისი ის ინფრასტრუქტურა რასაც ე.წ. რეზორტული მშენებლობა მოითხოვს.
ეს არ არის ერთ შენობაში განხორციელებული პროექტი, ეს არის 50 ჰა მიწის ნაკვეთზე გადანაწილებული ეზოებით, გასართობი სივრცეებით და ა.შ. რომელიც წლიდან წლამდე იზრდება, 4 000 ნომერზეა უკვე საუბარი და დამეთანხმებით ამხელა ინფრასტრუქტურის ანალოგი ერთიანი მართვის ქვეშ მყოფი, სხვაგან, არც სამთო და არც სათხილამურო კურორტზე, არ გაგვაჩნია. საკმაოდ ბევრ სირთულეებსაც ვაწყდებით, თუმცა ვცდილობ გავაუმჯობესოთ.
26 შენობიდან აშენებულია 16, ჩვენ რაიმე სხვა სივრცეები არ დაგვიმატებია, ეს იყო ის ლოკაციები რაც იყო ეკოსაინის გენერალური გეგმით გაწერილი. გარკვეული სახეცვლილება სართულიანობის ნაწილში მოხდა, თუმცა ის შენობები როგორც უნდა განლაგებულიყო ისე განლაგდება. ამ დარჩენილ მშენებლობას აქამდე დავასრულებდით, თუმცა პანდემიამ შეგვიშალა ხელი და მომდევნო ორი, მაქისმუმ სამი წლის განმავლობაში ვფიქრობთ, რომ ამ ე.წ. ზამთრის საკურორტო სოფელს დახურულად გამოვაცხადებთ.“ - განაცხადა კუნელაურმა.
REDCO ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. ოფიციალური ინფორმაციით, კომპანია 50 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს ახალ გუდაურში, რომლის გენერალური გეგმა მსოფლიოში ცნობილმა კანადურმა კომპანიამ '' Ecosign ''შეიმუშავა. ამ გეგმის თანახმად, 2026 წლისთვის ტერიტორიაზე 26 სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი კომპექსი, სასტუმრო, დასასვენებელი და გასართობი ობიექტი, ასევე 20 კერძო სახლი და კოტეჯი უნდა არსებობდეს. კომპანიის ჯამურად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა კი ამ დროისთვის 150 მილიონი აშშ დოლარი უნდა იყოს.