ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის ზრდის ტენდენციის მიუხედავად, ბაზარი პროფიციტური რჩება.
როგორც BMG-ის ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა, ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა მიწოდებას ჩამორჩება და საქართველოში გასულ წლებში შემოყვანილი ავტომობილების გარკვეული ნაწილი ამ დრომდე არაა რეალიზებული
ალექსი ნონიაძის თქმით, არსებული ვითარება ადგილობრივი დილერებისთვის გამოწვევაა, მით უფრო იმ ფონზე, რომ სექტორში ყაზახი და ყირგიზი შუამავლები ისევ აქტიურად მუშაობენ.
“რეექსპორტის ბაზრები არ შეცვლილა, ძირითადი ქვეყნები, სადაც საქართველოდან ავტომობილები გადის ისევ ყაზახეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი და სომხეთია. თუმცა ავტომობილების ვაჭრობის მოცულობის ზრდის პარალელურად, ბაზარი მაინც პროფიციტური რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ავტომობილების ნაწილი, რაც ზედმეტობით იყო ბაზარზე, ჯერჯერობით არ გაყიდულა. კერძოდ, 2023 წელს ქვეყანაში 60 ათასით მეტი ერთეული მანქანა შემოვიდა და ის რაოდენობა ჯერ სრულად არაა გაყიდული. ზაფხული ამ მიმართულებით ყველაზე აქტიური სეზონია და იმედია, რომ ამ პერიოდში ავტომობილების ნაწილი გაიყიდება. პროფიციტური ბაზრის პარალელურად, გაზრდილი კონკურენციის პირობებში უწევთ ადგილობრივ დილერებს მუშაობა.
ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ბაზარი იზრდება, მაგრამ აქ არის საკითხი, თუ ვის ხარჯზე იზრდება. არის თუ არა ზრდა ყაზახი და ყირგიზი დილერების ხარჯზე, რომლებიც საქართველოს უკვე როგორც ტრანზიტულ პუნქტს ისე განიხილავენ, თუ ქართველი დილერის ხარჯზე, რომელიც ავტომობილს სერვისს უწევდა და დამატებით ღირებულებას ადგილზე ქმნიდა. ძნელია ამაზე ზუსტი ციფრებით ვისაუბროთ. თუმცა ადგილობრივი დილერების აღქმით, კონკურენცია გაიზარდა, ქვეყანაში ბევრი უცხოელი დილერი შემოვიდა და სულ უფრო ნაკლები თანხა რჩება ჩვენს დილერებს და შესაბამისად, ქვეყანას მოგების სახით”, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
ცნობისთვის, იანვარ-ივნისში საქართველოს იმპორტში პირველ ადგილს კვლავ მსუბუქი ავტომობილები იკავებს, 6 თვეში ქვეყანაში 1.66 მილიარდი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა. ეს წლიურად 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება რეექსპორტს, წელს 6 თვეში საქართველომ რეექსპორტზე 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილები გაიტანა, რაც 30%-იანი ზრდაა.




























