"გეფას" [ჯიპისი/ფარმადეპო] გენერალური დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ რეფერენტული ფასების მექანიზმი კარგად მუშაობს. მან ამის შესახებ „ფასების კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, თორნიკე ნიკოლაიშვილმა განმარტა, თუ რა პრინციპით მუშაობს "გეფა", რომელიც ლოგისტიკას თავად უზრუნველყოფს.
"ჩვენი ბრუნვის 80% არის რიტეილ გაყიდვები, წარმოება არ გვაქვს. ჩვენი ბრენდებია ჯიპისი და ფარმადეპო, ასევე გვაქვს ოპტიკის ბრენდი ალენ აფლელუ და ბოდის შოპის ქსელის რითეილი, რაც ფრანშიზებია. ჩვენ ქსელში მედიკამენტების 70% არის რეფერენტული. ჩვენს მიერ იმპორტირებული მედიკამენტები რეცეპტულ მედიკამენტებში არის ჩვენი გაყიდვების მხოლოდ 8%, დანარჩენი არის მოწოდებული ძალიან ბევრი მომწოდებლისგან, ოღონდ შიდა ლოგისტიკა სრულად არის ჩვენი, პირდაპირ აფთიაქში არც ერთ პროდუქტს არ ვიღებთ. ლოგისტიკური ცენტრი გვაქვს, შიდა ლოგისტიკას, დასაწყობებას მთლიანად ჩვენ ვაკეთებთ. კომერციული მოლაპარაკებები წარმომადგენლობებთან გვაქვს და განბაჟებას, რაღაც შემთხვევაში იმპორტსაც და მის ლოგისტიკას ჩვენ ვახდენთ. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან ხდება იმპორტი.
ფაქტია, რომ [რეფერენტული ფასების] მექანიზმი მუშაობს. ფასებმა დაიწია, უბრალოდ ფასწარმოქმნაში რითეილერები არ ვართ მთავარი რგოლი. ძალიან კარგად მუშაობს ეს მექანიზმი, გადაეწყო ბაზარი, ყველა რგოლი. ბაზარს არ აქვს დიდი დანაკარგი",- ამბობს თორნიკე ნიკოლაიშვილი.




























