ფასების საპარლამენტო კომისიაზე საუბრისას „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკატერინე ბურძენიძემ განაცხადა, რომ რეფერენტული ფასების კიდევ უფრო მეტ მედიკამენტზე გავრცელების მომხრეა, ვინაიდან კომპანია მორალური ტვირთისგან გათავისუფლდება.
„ჩვენს ქსელში არსებული სარეცეპტო მედიკამენტების 70-80%-ს აქვს რეფერენტული ფასი, ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებელი გაიზარდოს 100%-მდე და ყველა მედიკამენტზე იყოს რეფერენტული ფასი. დამერწმუნეთ, ეს ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, ვინაიდან სააფთიაქო ქსელს სრულად ჩამოეხსნება მორალური ტვირთი, რაც ჩვენ ახლა გვაქვს, როცა ჩვენს ქსელებზე ხშირად ამბობენ, რომ დიდი მოგებით ყიდიან მედიკამენტებსო, რაც ასე ნამდვილად არ არის - სრულად ჩამოეხსნება სააფთიაქო ქსელს. მივესალმებით 100%-ით რეფერენტული ფასების შემოღებას ყველა მედიკამენტზე“, - განაცხადა ეკატერინე ბურძენიძემ.
„ავერსის“ სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ფასწარმოქმნის განმსაზღვრელ ფაქტორებზეც ისაუბრა და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ბაზარზე არსებული კონკურენცია დაასახელა.
„ფასწარმოქმნას, პირველ რიგში, განსაზღვრავს მომწოდებლის მიერ საწყისი ღირებულება, შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი ფასწარმომქმნელი ფაქტორი არის კონკურენცია: თუ მე მეცოდინება, რომ ყველაზე დაბალ ფასს არ დავადებ, მაშინ ამ მომხმარებელს დავკარგავ და კონკურენტებში გადავამისამართებ. ამიტომ თითოეული ჩვენგანის ინტერესია, რომ რაც შეიძლება დაბალი ფასნამატით გავყიდოთ მედიკამენტი და რაც შეიძლება მეტი გავყიდოთ. საქართველოში არსებული უმწვავესი კონკურენციიდან გამომდინარე, ხშირად 1 თეთრით ვეჯიბრებით ხოლმე ერთმანეთს, იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაბალი ფასნამატით ვიმუშაოთ და რეალიზაცია შევქმნათ“, - განაცხადა მან.
ამასთან, ეკატერინე ბურძენიძის თქმით, პროდუქციის მომწოდებლების 95%-თან ყველა კომპანია - "ავერსი", "გეფა", "პსპ" თანამშრომლობთ: „ერთეული მომწოდებელი კომპანია შეიძლება იყოს, რომლის პროდუქციაც ან მხოლოდ "პსპ"-ს, ან მხოლოდ "ავერსს", ან "გეფას" შემოაქვს. მომწოდებლების 95%-სთან ყველა ვთანამშრომლობთ, ყველას ჩვენი მოლაპარაკება გვაქვს, ყველა ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება დაბალ ფასში გავყიდოთ და მომხმარებელი მივიზიდოთ.
ამ ეტაპზე გვაქვს ფასდაკლების სამი დღე კვირაში. ფასდაკლების დღეებსა და არაფასდაკლების დღეებს შორის ფასების სხვაობა მერყეობს 10%-დან 15%-მდე. არის პროდუქტები, რომლებზეც 20%-იანი ფასდაკლებაც გვაქვს, რა თქმა უნდა, როცა სრულად გადავალთ რეფერენტულ ფასებზე, ფასდაკლების დღეები ისეთი აქტუალური აღარ იქნება, როგორც ახლა არის.
რეფერენტულ მედიკამენტებზე ფასდაკლება არ ეხება, რეფერენტული მედიკამენტები ყოველდღე ერთი და იგივე ფასად იყიდება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ მას შემდეგ, რაც რეფერენტული პოზიციების რაოდენობა გაიზარდა. ფასდაკლების და არაფასდაკლების დღეების რეალიზაციებს შორის სხვაობა შემცირდა და ახლა ეს მაჩვენებელი 10%-ზეა.
გარდა ამისა, ეკატერინე ბურძენიძემ დეპუტატ ზაზა ლომინაძის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელიც ეხებოდა იმას, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს რეფერენტული ფასების მედიკამენტების 100%-ზე გავრცელებას “ავერსის” წარმოებაზე, რაზეც ფარმაცევტული კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, რომ მათი წარმოების, კერძოდ, “ავერსი რაციონალის“ მედიკამენტების წილი მათ სააფთიაქო ქსელებში მცირეა.
„მცირეა, თუმცა რასაც აწარმოებს "ავერსი რაციონალი", სრულად გვაქვს წარმოდგენილი. მაგრამ ჩვენს სააფთიაქო ქსელს არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ გავყიდოთ "ავერსი რაციონალის" წარმოებული მედიკამენტები მიზანმიმართულად. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლის ნება, მადლიერება და არჩევანი. თუ მომხმარებელი აირჩევს "რაციონალის" პროდუქციას, ექიმიც დაუნიშნავს, რა თქმა უნდა, ჩვენ სიამოვნებით გავყიდით.
"ავერსი რაციონალის" მედიკამენტებსა და ბრენდულ მედიკამენტების ფასებს შორის 20-30%-ია სხვაობა. ხშირად ეს საკმაოდ სოლიდური სხვაობაა ხოლმე. თუმცა ჩვენთვის პრიორიტეტი არაა, "ავერსი რაციონალის" შეთავაზება მომხმარებლისთვის“, - დასძინა „ავერსის“ დირექტორმა.




























