საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რიგი მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი მარგველაშვილი bm.ge-სთან განმარტავს როგორია რეფერენტული სისტემის შემთხვევაში ფასის დადგენის მექანიზმი და რატომ ვერ უზრუნველყოფს ფასნამატის შეზღუდვას.
მისივე თქმით, კანონის სისტემურ ცვლილებამდე არანაირი ფასნამატი არ არის სამართლებრივი დარღვევა და მხოლოდ მორალურ ასპექტზე შეიძლება საუბარი.
"მინდა ხაზი გავუსვა, რომ როცა ფასნამატზეა საუბარი აქ იგულისხმება იმპორტის დროს რა ფასადაც შემოდის და შემდეგ, ქსელში რა ფასადაც იყიდება - ეს ინფორმაცია მხოლოდ სახელმწიფოს და კომპანიას აქვს, რადგან კომერციული საიდუმლოა, მაგრამ რეფერენტული ფასი ფასნამატს არ არეგულირებს, ის მხოლოდ საბითუმო ფასის ზედა ზღვარს საზღვრავს. ანუ, რომელიღაც კონკრეტული მოლეკულა, მე არ შემიძლია გავყიდო 5 ლარზე ძვირად, თუმცა რადგან არავინ მზღუდავს რამდენად ვიყიდი, თუ 5 თეთრად ვიყიდე, ფასნამატი ისევ იქნება კოლოსალური. ფასნამატის პრობლემას რეფერენტული სისტემა ვერ მოაგვარებს, თუ მოდიფიკაცია არ განიცადა. აქ ჩნდება კითხვა, ხომ არ ეცდება კომპანიების ნაწილი მაინც, რომ იპოვოს რაც შეიძლება იაფი ბაზრები და შესაბამისი ხარისხის მედიკამენტები, რომ ფასნამატი და მოგების მარჟა არ შეეცვალოთ?
პრობლემის გადაწყვეტის მთავარი გზა ფარმაცევტული პროდუქციის შესახებ ახალი კანონია, რომელიც უკვე დოკუმენტურ დონეზე ქართულ ბაზარზე ნაკლები ხარისხის მედიკამენტი შემოტანის შესაძლებლობას არავის მისცემს. პრობლემები, რომლებიც სამინისტროს განცხადებაშია ნამდვილად არსებობს, მაგრამ სისტემური გადაწყვეტის ერთადერთი გზა კანონის შექმნაა. ჩვენი კანონმდებლობა დღეს მნიშვნელოვნად დასახვეწია.
როცა ვსაუბრობთ, რომ 3000% დარღვევაა, რისი დარღვევაა? კანონში მსგავსი ნორმა არ გვაქვს, ეს არ რეგულირდება. მე არ ვსაუბრობ მორალურ ასპექტზე, სამართლებრივ სივრცე უნდა შეიქმნას, ამის გარეშე ყველაფერი დროებითი ღონისძიებაა", - განაცხადა მარგველაშვილმა BM.GE-სთან.