მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვებით სებ-ი ეკონომიკის სტიმულირებას ცდილობს - ეკონომისტი

ფული

ეროვნული ბანკი იძულებულია, რომ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვოს, რათა ფინანსური აქტივობები წაახალისოს - ასე აფასებს ღრმა სტრუქტურული რეფორმების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი სებ-მის მიერ განაკვეთის 8%-ზე დატოვებას.

როგორც დავით მაისურაძემ BMG-ის განუცხადა, შექმნილ არასტაბილურ ვითარებაში, როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის მთავარი მიზანია, ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყოს. თუმცა მისი თქმით, ინფლაციური რისკების რეალიზების შემთხვევაში, არაა გამორიცხული, სებ-ს მომდევნო პერიოდში განაკვეთის გაზრდა მოუწიოს.

“ეროვნული ბანკის პრესრელიზიდან რამდენიმე საკითხი შეიძლება დავინახოთ. ერთი ის, რომ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვებით სებ-ი ეკონომიკის სტიმულირებას ცდილობს. მეორე ის, რომ გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე პოლიტიკური კონტექსტი ახდენს გავლენას და ეროვნული ბანკი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 5%-მდე შენელდება.

ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიზანია, რომ პოლიტიკურ კონტექსტს უპასუხოს. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ მაღალი ინფლაციური მოლოდინებიდან გამომდინარე, ეროვნულ ბანკს შესაძლოა, გაეზარდა განაკვეთი. მაგრამ არსებული პოლიტიკური კონტექსტი არ იძლევა განაკვეთის გაზრდის შესაძლებლობას. ვგულისხმობ იმას, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის შეფერხებამ ქვეყნის ეკონომიკურ გარემოზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. ამიტომ ეროვნული ბანკი იძულებულია, რომ განაკვეთი უცვლელად დატოვოს, რათა ფინანსური აქტივობები წაახალისოს. ამ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს არჩევანი არ აქვს.

მომავალში რამდენად გაიზრდება ინფლაცია და რამდენად რეალიზდება ეს რისკები, იმის მიხედვით იმოქმედებს ეროვნული ბანკი. არაა გამორიცხული, რომ სებ-ის მიერ დღეს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შემდეგ ზეგავლენა მოახდინოს ინფლაციის ზრდაზე. მომავალში თუ ეს ასე მოხდება, ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას”, - განაცხადა დავით მაისურაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ 2024 წლის დეკემბერში საქართველოში მიზნობრივ 3%-ზე დაბალი 1.9%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, ხოლო 2025 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია, რომ ინფლაციამ წლიურ 3%-ს გადააჭარბოს, თუმცა შემდგომ წლის ჭრილში მაინც 3%-ის მიდამოში დასტაბილურდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები