სპორტდარბაზების ქსელში „რეფორმა“ ბოლო ერთ წელიწადში მომხმარებელთა რაოდენობა 23-25%-ით გაიზარდა.
როგორც BM.GE-სთან კომპანიის დირექტორი, გიორგი ლაზარიაშვილი აცხადებს, ზრდის ტენდენცია ამ ეტაპზეც შენარჩუნებულია და ყოველდღიური ვიზიტორების რაოდენობა კვლავ მატულობს.
ქსელმა, რომლის პირველი ფილიალი 2018 წელს გლდანში გაიხსნა, დღეს უკვე ოთხ ლოკაციას - გლდანს, ორთაჭალას, ნუცუბიძესა და კიკვიძის ტერიტორიას აერთიანებს. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია ვიზიტორების ყოველდღიურ ნაკადში.
„დღეში საშუალოდ ოთხივე ფილიალს რამდენიმე ათასი ვიზიტორი სტუმრობს და ეს მაჩვენებელი კვლავ მზარდია. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რაოდენობრივად დღის განმავლობაში ყველაზე მეტი მომხმარებელი სწორედ ჩვენს ქსელს ჰყავს", - აღნიშნავს გიორგი ლაზარიაშვილი.
კომპანიაში განმარტავენ, რომ აქტიური მომხმარებლების ზუსტი რიცხვის განსაზღვრა რთულია, რადგან მათი გარკვეული ნაწილი Fitpass-ის მეშვეობით სარგებლობს მომსახურებით და ამ არხით მიღებულ სტატისტიკაზე სრული წვდომა არ აქვთ.

რაც შეეხება აუდიტორიას, „რეფორმას“ ძირითადად 18-45 წლის მომხმარებლები სტუმრობენ. დირექტორის თქმით, მათი უმრავლესობა დასაქმებული ადამიანია, რომლებიც ჯანმრთელობასა და ფიზიკურ ფორმაზე ზრუნავენ. პარალელურად, დარბაზში ვარჯიშობენ პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენებიც, ვისთვისაც რეგულარული ფიზიკური აქტივობა აუცილებელია.
„ჩვენი მიზანია, ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს პრემიუმ ხარისხის მომსახურება პრემიუმ დარბაზში ხელმისაწვდომ ფასად. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ Fitpass-თან - მათი მომხმარებლები იღებენ იმავე სერვისს, რასაც ჩვენი აბონემენტის მფლობელები, დამატებითი გადასახადის გარეშე“, - ამბობს ლაზარიაშვილი.
მისივე თქმით, ფილიალები აღჭურვილია პრემიუმ კლასის ტრენაჟორებით, იზოლირებული სივრცეებით ჯგუფური ვარჯიშებისთვის - იოგა, ზუმბა, აერობიკა, პილატესი და სხვა მიმართულებები. ასევე ფუნქციონირებს კრივისა და MMA-ს დარბაზები. გლდანისა და კიკვიძის ფილიალებში ხელმისაწვდომია სოლარიუმი, ხოლო გლდანის ფილიალში დამატებით განთავსებულია კროსფიტისა და HIIT ვარჯიშების სივრცეები და საუნები, რომელთა გამოყენებაც მომხმარებლებისთვის უფასოა. ყველაზე მოთხოვნად მომსახურებად პერსონალური და ჯგუფური ვარჯიშები სახელდება, თუმცა ასევე მაღალი ინტერესით სარგებლობს კრივი, MMA და კროსფიტიც.

საფასო პოლიტიკაზე საუბრისას კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ „რეფორმას“ ფასები კონკურენტებთან შედარებით ხელმისაწვდომია. გასულ წელს აბონემენტის ღირებულება გაიზარდა.
„ქსელურ დარბაზებს შორის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასი ჩვენ გვქონდა. ფასის კორექტირებას თან დავურთეთ მნიშვნელოვანი სარგებელი - ჯგუფური ვარჯიშები აბონემენტის ღირებულებაში შევიდა. რეალურად, იმ მომხმარებლებისთვის, ვინც ჯგუფურ ვარჯიშებსაც ესწრებოდა, მომსახურება გაიაფდა“, - განმარტავს ლაზარიაშვილი და დასძენს, რომ ფიტნესბაზარი ფასების ზრდაზე სენსიტიურია და ნებისმიერი ცვლილება არგუმენტირებული უნდა იყოს.
ამჟამად კომპანიაში თითქმის 150 თანამშრომელია დასაქმებული. ყველა ტრენერი სერტიფიცირებულია და პერიოდულად გადის ტესტირებას, ხოლო სერვისისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმები უზრუნველყოფს, რომ ყველა ფილიალში ერთიანი სტანდარტი იყოს დაცული.




























