ტურიზმის წილი მსოფლიო მშპ-ში მომდევნო წლებში ორჯერ უფრო მაღალი ტემპით გაიზრდება, ვიდრე აქამდე იზრდებოდა და თითქმის გაორმაგდება 2040 წლისთვის – წინასწარი პროგნოზი საქართველოს ყოფილი პრემიერის ნიკა გილაურის ორგანიზაციის, Reformatics-ის, კვლევას ეფუძნება. დოკუმენტის მიხედვით, ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე ძირეულად შეიცვლება მსოფლიო მშპ-ის შემადგენლობა, რასაც უკვე ვხედავთ ფინტეკის, რობოტიქსის და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე და ბევრი არსებული ინდუსტრია სულ სხვა მიმართულებით განვითარდება, ვიდრე ეს დღეს ხდება.
2017 წლის მონაცემებით, მსოფლიო მშპ-ში თანამედროვე ტექნოლოგიების და ტურიზმის წილის ზრდას განსაკუთრებით ხელს უწყობენ კორპორაციები, რომელთა კაპიტალიზაციაც სრულად ინფორმაციულ კომუნიკაციაზე მოდის. ეს კომპანიებია:
Apple Inc. – 869 მილიარდი ამერიკული დოლარი;
Alphabet Inc. - 727 მილიარდი ამერიკული დოლარი;
Microsoft - 660 მილიარდი ამერიკული დოლარი;
Amazon.com - 564 მილიარდი ამერიკული დოლარი;
Facebook – 513 მილიარდი ამერიკული დოლარი.
გარდა ამისა, Reformatics-ის კვლევა ემთხვევა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის კვლევას, რომლის მიხედვითაც 2036 წლისთვის, საჰაერო მგზავრთა რაოდენობა გაორმაგდება და მიაღწევს 7.8 მილიარდ მგზავრს.

























